წულუკიანის მიერ გათავისუფლებულების ინტერესებს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია დაიცავს

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, საია და ISFED კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებულთა ნაწილის ინტერესებს სასამართლოში დაიცავენ“, – ამის შესახებ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„საია და უკვე ISFED შემოგვიერთდებიან ჩვენ ამ სასამართლო დავებში. ჩვენ ვიდავებთ, რომ ეს გათავისუფლებები იყო უკანონო და დისკრიმინაციულიც მთელ რიგ შემთხვევებში“, – განუცხადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელმა, თათული ჭუბაბრიამ ჟურნალისტებს.

„გათავისუფლებულები ხაზს უსვამენ, რომ ძირითადი საკადრო წმენდა მაშინ დაიწყო, როდესაც „მუზეუმის“ დირექტორად უსამართლოდ დაინიშნა ამ პოზიციისთვის შეუსაბამო კვალიფიკაციის მქონე კადრი, ნიკა ახალბედაშვილი – იურისტი, რომელიც მანამდე, თეა წულუკიანის მინისტრობის დროს, იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა. ისინი ასევე გამოთქვამენ პროტესტს იმის შესახებ, რომ რეორგანიზაციის წინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად, ამ პოზიციისთვის სათანადო კვალიფიკაციის არმქონე კადრი, იურისტი ლევან ხიზანიშვილი შეირჩა, შემდეგ კი კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურის ყოფილი უფროსი, ნიკოლოზ აზნაურაშვილი, დაინიშნა“, – ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, ხაზი უნდა გაესვას ახალი მინისტრის ხელთ არსებულ იმ მანიპულაციურ ბერკეტებსაც, რომლის საშუალებითაც, გათავისუფლებულ თუ ჩამოქვეითებულ თანამშრომელთა დაშინებას ცდილობს, რათა მათ თავი შეიკავონ სასამართლო დავებისგან.

„22 იანვარს მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო ინტერვიუში დათხოვნილ პირთა მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებიც გააჟღერა, რაც ჩვენი შეფასებით, გულისხმობდა მუქარას საგამოძიებო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით, თუ გათავისუფლებულები სამართლებრივ გზებს მიმართავდნენ.

მაგალითად, მინისტრის მხრიდან მუზეუმის თანამშრომლების მიმართ გაჟღერდა ბრალდება იმ ექსპონატებთან დაკავშირებით, რომლებიც 1950-იან – 1990-იან წლებში მუზეუმიდან სხვადასხვა ორგანიზაციას გადაეცა და ეს ამ პირთა თანამდებობაზე დანიშვნვის დროს უკვე ფაქტობრივ მოცემულობას წარმოადგენდა.

ასევე, მინისტრმა გელათის სამონასტრო კომპლექსის გადახურვასთან დაკავშირებული საინჟინრო-ტექნოლოგიური პრობლემა უსამართლოდ დაუკავშირა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსის, ბატონი გიორგი გაგოშიძის, თანამდებობას“, – წერია გავრცელებულ გაცხადებაში.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, თანამშრომლების გათავისუფლება დისკრიმინაციული ნიშნით მინისტრ წულუკიანის ხელწერაა და ასეთი საქმეები იუსტიციის სამინისტროშიც ყოფილა.

„ასეთი წმენდა ჩვენ გვინახავს იუსტიციის სამინისტროშიც და ამიტომ ვამბობთ, რომ ხელწერა არის იგივე. ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გახდნენ ადამიანები დისკრიმინაციული  მოპყრობის და დისკრიმინაციული დამოკიდებულების მსხვერპლი“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ორგანიზაციები მოუწოდებენ მინისტრ წულუკიანს შეწყვიტოს კულტურის სფეროს მაღალპროფესიონალი კადრების დევნა მათი პროფესიული და განსხვავებული მოსაზრებების გამო და გაითვალისწინოს გათავისუფლებული თანამშრომლების ორგანიზებული წინააღმდეგობის მოთხოვნა, შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების ადამიანებს მიეცეს საშუალება, გააგრძელონ მუშაობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სამუზეუმო ექსპონატებისა და ეროვნული საგანძურის დასაცავად.