წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიაც დაიბარეს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარლამენტში, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარიაც დაიბარეს.

„საქმე არის ძალიან ბევრი, მით უმეტეს 2012 -2024 წლებზე მუშაობა ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ და მაგალითისთვის მოსაბრძანებლად მოწვეულია ბატონი გიორგი გახარია და არა მხოლოდ ის, არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას აზიანებს გარედან“, – თქვა თეა წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე.

პარტიის წევრმა, ტატა ხვედელიანმა თქვა, რომ გიორგი გახარია ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და უწყისი მის მშობლებს ჩააბარეს.

„უწყისში წერია, რომ ეს ეხება 20 ივნისს. შესაძლოა, თუმცა საბოლოოდ ეს არის მხოლოდ გიორგი გახარიას გადასაწყვეტი, მივა თუ არა კომისიის სხდომაზე“, – თქვა ხვედელიანმა.

გიორგი გახარია იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2017 წლიდან 2019 წლამდე. „გავრილოვის ღამის“ საპროტესტო აქციების შემდეგ ის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. 2021 წლის 18 თებერვალს გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.


„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში შექმნილი აქვს ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

„ოცნების“ განცხადებით, „კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია. შეიმუშავებს და მოამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებს, დასკვნებს, რეკომენდაციებსა თუ წარდგინებებს“.

რეგლამენტით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.

27 მარტს „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ საგამოძიებო კომისიის მანდატს 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გაავრცელებენ, რათა მისი „საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტკონსტიტუციური ქმედებების ფარგლებით“.