კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრის და ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელის, ლაშა ბაქრაძის განცხადებასთან დაკავშირებით, სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
მინისტრის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს
„საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, თუ სრული არა, უმრავლესობა ლაშა ბაქრაძის ამ განცხადებას უყურებს მხოლოდ ერთ ჭრილში – ეს გახლავთ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჭრილი. ჩვენ, კულტურის სამინისტრო, ამ განცხადებას ამ ჭრილშიც ვუყურებთ, მაგრამ, პირველ რიგში, ვინაიდან ვართ კულტურის სამინისტრო, როგორც ზედამხედველი სახელმწიფო უწყება, ამ განცხადებას ვუყურებთ გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელის განცხადების ჭრილში.
არ ვიცი, ბატონ ლაშას კვლავ რამდენად ახსოვს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ ის დღემდე არის ძალიან დიდი ტრადიციების, დიდი გოგლა ლეონიძის სახელობის მუზეუმის პირველი პირი, ხელმძღვანელი პირი. შესაბამისად, ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელის განცხადების ჭრილშიც ვუყურებთ ამ განცხადებას. სწორედ ამიტომ ჩვენს შესაბამის სამსახურში გუშინ დაიწყო საქმისწარმოება, რასაც ეწოდება დისციპლინური საქმისწარმოება, რომლის დღევანდელ მასალებს პირადად ჯერ არ ვიცნობ. როგორც კი გავეცნობი, გვექნება ჩვენი შეფასება, არა პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან სოციალური თუ სოციოლოგიური, არამედ უწყებრივი შეფასება, რადგან ბატონი ლაშა არის ჩვენი თანამშრომელი.
მას ქაღალდზე უწერია, რა არის მისი უფლება-მოვალეობები, როდის უნდა გამოცხადდეს სამსახურში და როდის უნდა იყოს ადგილზე. რას უნდა აკეთებდეს, რას უნდა ემსახურებოდეს, მათ შორის, მისი ქცევა და მისი განცხადებები. ამიტომ უახლოეს დროში ჩვენი გადაწყვეტილება გახდება ცნობილი“, – განაცხადა წულუკიანმა.
3 სექტემბერს ბაქრაძემ პარტიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანების ქალ პოლიტიკოსებზე ისაუბრა და თქვა, რომ არჩევანის გაკეთება დღეს ძალიან მარტივია –ამ კონტექსტში ახსენა მან მმართველი პარტიის წარმომადგენლების „ნახმარი სახეები”.
ბაქრაძე აღნიშნავს, რომ „ნახმარ სახეებზე” მისი გუშინდელი განცხადება „ქართული ოცნების” ქალ პოლიტიკოსებს არ მიემართებოდა.
როგორც ბაქრაძე „პუბლიკასთან” საუბარში განმარტავს, ის საუბრობდა „ქართული ოცნების” წარმომადგენლების სახეებზე, რომელთა ყურებაც საზოგადოებას მობეზრებული აქვს.
ამ განცხადებასთან დაკავშირებით დღეს კითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ ბაქრაძის გუშინდელი ნათქვამი „დასაგმობია” და ადასტურებს იმას, რომ „რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, შემოიტანოს მაქსიმალური რადიკალიზმი”.