წულუკიანისა და ახალბედაშვილის წინააღმდეგ კიკნაძემ ომბუდსმენს მიმართა

პუბლიკა

ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელიც თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, ომბუდსმენს წულუკიანისა და ახალბედაშვილის წინააღმდეგ დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე მიმართა.

ეკა კიკნაძეს მიაჩნია, რომ წულუკიანმა და მუზეუმის ახალმა ხელმძღვანელმა, ნიკა ახალბედაშვილმა მის წინააღმდეგ გადაწყვეტილება დისკრიმინაციული მოტივით მიიღეს და ის განსხვავებული შეხედულებების გამო დასაჯეს.

„ეკატერინე სხვა კოლეგებთან ერთად არის ხელმომწერი და ორგანიზატორი 2021 წლის აგვისტოსა და დეკემბერში მომზადებული პეტიციებისა, რომლებიც უკავშირდებოდა ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ არსებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, პეტიციების ხელმომწერთა დევნა კი, რეორგანიზაციის შედეგებში ნათლად გამოჩნდა.“ – ვკითხულობთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში. კიკნაძის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში საია წარადგენს.

ეკატერინე კიკნაძე მუზეუმის მმართველის პოზიციიდან ლაბორანტის პოზიციაზე მისი თანხმობის გარეშე გადაიყვანეს, შემდეგ კი საერთოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან.

2022 წლის 28 იანვარს, სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაქვეყნა კონკურსში გამარჯვებული პროექტების ჩამონათვალი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის 13 გამარჯვებულ პროექტს შორის არის ეკატერინე კიკნაძისა და ხელოვნების მუზეუმის სხვა (აწ უკვე ყოფილი) თანამშრომლების ერთობლივი პროექტიც.

„მას შემდეგ, რაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ ეკატერინე კიკნაძის პროექტმა მიიღო რუსთაველის ფონდის დაფინანსება, იმ მიზნით, რომ ხელი შეშლოდა კრიტიკულად განწყობილი (ყოფილი) თანამშრომლების სამეცნიერო კვლევების განხორციელებას მუზეუმში, მინისტრმა შეიმუშავა განსხვავებული შეხედულებების გამო კვლევითი პროექტებიდან კონკრეტული პირების ჩამოშორების მექანიზმი. “ – ვკითხულობთ განცხადებაში.