წულუკიანისთვის, ამ შერცხვენილი მინისტრისთვის, ცალკე სამინისტროს შექმნა იქნებოდა? - ელისაშვილი

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თეა წულუკიანს „შერცხვენილი მინისტრი“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ღატაკ“ ქვეყანაში მისთვის ცალკე სამინისტრო არ უნდა იქმნებოდეს და პანდემიით დაზარალებული ქვეყანა კულტურის სამინისტროსა და კომიტეტისთვის ხარჯებს არ უნდა ზრდიდეს.

„ჯანმრთელობას ვუსურვებ თეა წულუკიანს, მაგრამ დღეს კიდევ ერთი გამაოგნებელი რამ ხდება ამ დღის წესრიგში – ადამიანი, რომელმაც ჩააფლავა მართლმსაჯულება და სამართალი ამ ქვეყანაში, რომელმაც მურუსიძე უვადო მოსამართლედ დანიშნა, პირადად მან არა, მაგრამ მისი „ღვაწლი“ დიდია და სხვები დაგვასვა თავზე, ამ ადამიანს ახლა ცალკე სამინისტროს ვუქმნით. ამ გაღატაკებულ ქვეყანაში კიდევ ცალკე სამინისტროს ვქმნით და შემდეგ კიდევ კომიტეტი უნდა დაემატოს კულტურის. ხშირად მაქვს განცდა, რომ „ქართული ოცნება“ ამ კედლებს მიღმა რეალობას ვერ აღიქვამს. კორონავირუსმა კიდევ უფრო გააღატაკა, ევროპაში ისედაც ყველაზე ღატაკი ჩვენი ქვეყანა და ახლა წულუკიანისთვის, ამ შერცხვენილი მინისტრისთვის, სამართლიანობის დამსამარებლისთვის კიდევ ცალკე სამინისტროს შექმნა იქნებოდა? კიდევ ცალკე კომიტეტი უნდა შევქმნათ და კიდევ ცალკე ხარჯები გავწიოთ?“, – განაცხადა ელისაშვილმა

ელისაშვილის თქმით, ამჟამად ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებული მოვლენები იმ „სამარცხვინო მართლმსაჯულების“ შედეგია, რომელიც თეა წულუკიანის მინისტრობის შედეგად მივიღეთ.