„თეა წულუკიანმა ვერ გაბედა დღეს თავისი ტელეფონის ნომრის გამოცხადება და სხვის ტელეფონის ნომრებს ნუ აცხადებს“, – განაცხადა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
მას დღეს თეა წულუკიანმა საჯაროდ, სავარაუდოდ, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ნომერი ჩააწერინა და უთხრა, რომ მას დაურეკოს ხოლმე: „ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში“.
„თან ეს პირადი მონაცემების გავრცელებაა, ეს იურისტმა მაინც უნდა იცოდეს, ჩემგან არ უნდა ესწავლებოდეს. არ ვარ იურისტი, ისტორიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. გაბედოს და თავისი ნომერი გამოაცხადოს, როგორც მე დღეს მექნება თავის ტკივილი, რომ უამრავ ადამიანს უნდა ვუპასუხო, ასევე გაბედოს მან და სანამ ჭკუის სწავლებას დაგვიწყებს, მანამდე თავისი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნოს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
თეა წულუკიანმა დღევანელ პლენარულ სხდომაზე ალექსანდრე ელისაშვილს ისიც უთხრა, რომ თუ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, დღეს პარლამენტში რატომ არის.
როგორც ელისაშვილი აცხადებს, არჩევნები გაყალბდა და ამის პოლიტიკურ ფასს „ქართული ოცნება“ იხდის.
„არჩევნები გაყალბდა და სწორედ ამიტომ მოუწია „ქართულ ოცნებას“ აქციებისა და ბოიკოტის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. ფასი, რისი გადახდაც უწევს „ქართულ ოცნებას“, არის ხუთიდან 4 თავისუფალი პოლიტპატიმარი – ამაში ჩვენი პარტიაც მონაწილეობდა ძალიან აქტიურად და ასევე ის დანარჩენი 3 საკითხი, რაზეც მოლაპარაკება მიდიოდა. რაც იყო პოლიტიკური ფასი „ქართული ოცნებისთვის“ 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებისთვის – ეს არის მემორანდუმი; ჩვენ გვინდა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები ამ ქვეყანაში და როგორც უშუქობა დავივიწყეთ, ისე დავივიწყოთ არჩევნების გაყალბება როგორც მოცემულობა“, – განაცხადა ელისაშვილმა.