პარლამენტში ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვა, უზრუნველყოს საკანონმდებლო უწყებაში თეა წულუკიანის მისვლის საკითხი. სერგი კაპანაძის თქმით, მათ პარტიას ბაჩანა შენგელიას საქმესთან დაკავშირებით წულუკიანთან შეკითხვები აქვს.
კაპანაძის თქმით, მინისტრის ბრძანებით შენგელიას უკანონოდ შეეზღუდა სანოტარო საქმიანობა, ეს შეზღუდვა სასამართლომ შეაჩერა და ახლა მინისტრი წულუკიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს.
„ორი კვირის წინ ბაჩანა შენგელიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას საქმიანობა უკანონოდ შეუწყვიტეს, მერე მიმართა სასამართლოს და სასამართლომ შეაჩერა ეს უკანონო ბრძანება. წაიღო ბრძანება აღსრულების ბიუროში და აღსრულებამ დაწერა, რომ შესრულდეს და აღუდგეს მას საქმიანობის უფლება. ქალბატონი მინისტრი წულუკიანი სასამართლოს დადგენილებას არ ასრულებს, რაც პირდაპირ არის კანონდარღვევა. ჩვენ მოვითხოვეთ წულუკიანის მოსვლა, რომ შეკითხვებზე პასუხი გაეცა. ქალბატონი წულუკიანი კომიტეტზე არ მოდის. იქნებ უზრუნველყოთ, რომ წულუკიანი მოვიდეს პარლამენტში. თქვენი როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყოთ მინისტრის მოსვლა და ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
სერგი კაპანაძის გამოსვლის შემდეგ სიტყვა ბიუროზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ითხოვა. მისი თქმით, სანოტარო პროგრამაზე წვდომის აღდგენაზე გადაწყვეტილება ტექნიკური თემებია და, მისი თქმით, ის პირდაპირ მინისტრს არ უკავშირდება.
„ბატონო სერგი, როცა ჩვენთან წულუკიანის მოწვევის შესახებ თქვენი ფრაქციის განცხადება შემოვიდა, ზუსტად ორი დღით ადრე თეა წულუკიანი კომიტეტზე კი არა, უფრო ფართო ფორმატით იყო მოსული პარლამენტში, პლენარულ სესიაზე. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც გქონდათ შეგეძლოთ დაგესვათ და შეზღუდვა არ გქონდათ. ეს შეკითხვაც შეგეძლოთ, დაგესვათ შენგელიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მეორე საკითხს – როგორ ვიცი, ტექნიკური თემებია და მინისტრს უშუალოდ არ ეხება. დარწმუნებული ვარ, კანონი აღსრულდება და სასამართლოს გადაწყვეტილებაც კანონით დადგენილ ფორმატში იქნება აღსრულებული. მესმის, რომ თეა წულუკიანი თქვენი პარტიისთვის განსაკუთრებული თავდასხმის საგანი ხდება ყოველთვის იმიტომ, რომ თქვენი დამოკიდებულება არის გამორჩეულ ლიდერებზე თავდასხმა და ამიტომ არის თეა წულუკიანი თავდასხმის ობიექტი მუდმივად. ამ ჯერზეც ამიტომ ესხმით თავს, რომ გამორჩეული ლიდერია და დებატებში საკმაოდ ენამახვილურად გიგებთ ხოლმე“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
სერგი კაპანაძის თქმით, პლენარულ სხდომაზე, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო მოსული, ბაჩანა შენგელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ იყო და შესაბამისად, ამ შეკითხვას წულუკიანს ვერ დაუსვამდნენ.
სერგი კაპანაძის მოთხოვნას მინისტრ წულუკიანის პარლამენტში მოწვევაზე პარლამენტის თავმჯდომარემაც უპასუხა. მისი თქმით, მიმდინარე კვირა პარლამენტში დატვირთულია და, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება თეა წულუკიანის მოწვევა.
„ვინაიდან მიმდინარე კვირა დატვირთულია და არის პლენარული კვირა, არ ვარ დარწმუნებული, რომ შევძლებთ მოწვევას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა ის მობრძანდება პარლამენტში, რეგლამენტის ფარგლებში მას თქვენს შეკითხვებზე პასუხები ექნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეზღუღვაზე მას დეტალური ინფორმაცია არ აქვს.
„ამ საკითხზე, რაც თქვენ ბრძანეთ, მე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. კონკრეტულად რა არის ჩაწერილი იმ გადაწყვეტილებაში, რა იყო დავის საგანი, ამაზე მაქვს მედიის მხრიდან ინფორმაცია და ამ საკითხს ყურადღებას მივაქცევ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
—————————
ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა მინისტრის ბრძანების საფუძველზე მიმდინარე წლის ივნისში შეუჩერდა. სამინისტრო შენგელიას დისციპლინურ დარღვევას ორ ეპიზოდზე ედავება. ერთ შემთხვევაში საუბარია ბაჩანა შენგელიას შემცვლელის ყოფნაზე სანოტარო ბიუროში, მეორე საქმეში კი – სოციალურ ქსელში ბაჩანა შენგელიას პოსტებზე, რომლითაც, სამინისტროს შეფასებით, ის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ წესს არღვევს.
ბაჩანა შენგელიას შეფასებით, სამინისტროს არგუმენტები უსაფუძვლოა და დედის, ია კერზაიას გარდაცვალების გამო მისი მხრიდან მძიმე შეფასებებისა და პოზიციების გამო იდევნება.
ბაჩანა შენგელიას მიზანმიმართულად დასჯის მცდელობად აფასებს იუსტიციის სამინისტროს ქმედებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ნონა ქურდოვანიძე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი დახმარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ბაჩანა შენგელიას საქმის წარმოებამ პრობლემები ორი მიმართულებით წარმოაჩინა – ერთი მხრივ, არსებული კანონმდებლობის ხარვეზი; მეორე მხრივ კი, რჩება განცდა, რომ ეს ბაჩანა შენგელიას მიზანმიმართულად დასჯის მცდელობაა.