წვევამდელების გაწვევაში თბილისის მერია ჩართული არ უნდა იყოს. რა გამგებლის საქმეა | ნიკა მელია

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის გამგეობები გამწვევი კომისიების ფუნქციას ასრულებენ და ეხმარებიან თავდაცვის სამინისტროს ახალგაზრდების მობილიზებაში. მელიას თქმით, არჩევის შემთხვევაში თბილისის მუნიციპალიტეტი ამ პროცესში ჩართული აღარ იქნება, რადგან მისი თქმით, გამგეობის საქმე ეს არაა. „გამგებელმა ქეჩოში ახალგაზრდას რატომ უნდა მოჰკიდოს და დააყენოს კანცელარიასთან დარაჯად. რა ჩემი საქმეა ეს?“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ძალიან მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო, რომელიც არავითარ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტი საკითხი არ უნდა იყოს. თქვენ იცით, რომ თავდაცვის სამინისტრო ვითომ ჯარში იწვევს წვევამდელებს, თუმცა სინამდვილეში დარაჯებად აყენებს მოდულის შენობასთან და სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან ახალგაზრდებს. ამ ყველაფერს აორგანიზებინებს მუნიციპალიტეტები, თბილისის გამგეობები. მე თავად ვიყავი გამგებელი წელიწად-ნახევარი და ვერცერთი დღე ვერ ვხვდებოდი, რატომ არის მთაწმინდის გამგეობის საქმე, გამგეობაში ახალგაზრდების ძალდატანებით მიიყვანო, სტრესის ქვეშ ამყოფო, განცხადება დააწერინო და გადააგზავნო თავდაცვის სამინისტროში.

ვთანხმდებით, რომ თავდაცვისუნარიანობა გასაძლიერებელია. ბიუჯეტია გასაზრდელი და გასაორმაგებელი, რასაც ეს ხელისუფლება არ აკეთებს.

თავდაცვის სისტემის გაძლიერების მომხრეები ვართ, მაგრამ ეს არანაირად  მუნიციპალიტეტის საქმე არაა. დედაქალაქის მერია და გამგეობები არ შეუწყობენ ხელს ახალგაზრდებისთვის ცხოვრების დამახინჯებას.

ჩვენი გამარჯვებისთანავე რაც უნდა გავაკეთოთ არის შემდეგი, რომ კარისკაცებად და დარაჯებად პერსპექტიული ადამიანები მოდულის შენობებთან აღარ იდგნენ.

ნიჭიერი ადამიანებს ცხოვრებას არ უნდა უნგრევდნენ, იმიტომ, რომ 2 წელი უნდა იდგეს კანცელარიასთან და ღამეს ათენებდეს. არანაირ კვალიფიკაციას, არანაირი გადამზადებას არ იღებენ იქ.“, – განაცხადა ნიკა მელიამ.