საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ყალბი დოკუმენტის დამზადება – გასაღებაზე ერთი პირი ამხილეს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის, ერთ – ერთი გამგეობის სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქისთვის დაამზადა და 500 აშშ დოლარად გაასაღა, წვევამდელის სამხედრო – სააღრიცხვო ყალბი მოწმობა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია წვევამდელის შეუვსებელი მოწმობები, შტამპები და ბეჭდები“, – ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.