წვრთნებში მონაწილე ქვედანაყოფები ყირიმსაც ტოვებენ - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

პუბლიკა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხრეთ სამხედრო ოლქის შენაერთები წვრთნების დასრულების შემდეგ ტოვებენ ყირიმსაც და უბრუნდებიან თავიანთ გარნიზონებს.

„სამხედრო დანაყოფების შეიარაღებით დატვირთულმა ეშელონებმა გადაკვეთეს ყირიმის ხიდი და უბრუნდებიან თავიანთ პუნქტებს, მას შემდეგ რაც დაასრულეს დაგეგმილი წვრთნები“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში კი ჩანს, როგორ გადაჰყავთ შეიარაღების ნაწილი, მათ შორის, ტანკები, ჯავშანტრასპორტიორები და თვითმავალი არტილერია.

რუსეთის ხელისუფლებამ პირველად სამხედროების ნაწილის გაყვანის შესახებ განცხადება 15 თებერვალს გაავრცელა. თუმცა დასავლეთში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავენ რეალური დეესკალაციის ნიშნებს და უკრაინის საზღვრებთან კვლავ მობილიზებული რჩება დიდი რაოდენობით შეიარაღება და სამხედრო დანაყოფები.

მოსკოვში აცხადებენ, რომ სამხრეთ სამხედრო ოლქის ქვედანაყოფების ნაწილი განაგრძობს შემდეგი ეტაპის წვრთნებს. ასევე უკრაინის საზღვრებთან გადმოსროლილია ბატალიონები შორეული აღმოსავლეთიდან, რომლებიც მოსკოვის განცხადებით 20 თებერვლის შემდეგ მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდებიან.