„წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ თუ არა" – კობახიძე

პუბლიკა

პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ „ქართული ოცნების” ოფისში ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხვა ლიდერებთან ერთად ბრიფინგი გამართა. მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგს ესწრებოდნენ: კახა კალაძე, სოზარ სუბარი, მამუკა მდინარაძე, შალვა პაპუაშვილი და სხვა ლიდერები.

„სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენს გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების ვადების აღსრულებასთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ამ საკითხზე, თუმცა არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ვერ მოვისმინეთ. წყალგამყოფი იყო საკითხი, სახელმწიფო უნდა აჩვენოს თავისი სახე, როგორც სახელმწიფომ თუ არა. გუნდის დანარჩენი წევრებისთვის ამ კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანი იყო. ქვეყანას, სადაც უზრუნველყოფილი არ არის კანონის აღსრულება, მით უფრო იმ პირობებში, რომ მას დამნაშავეები ასეთი უხეში გამოწვევების წინაშე აყენებენ, ვერ შედგება, როგორც სახელმწიფო. კანონის არასათანადო აღსრულებაა ის, რაც ხელს შეუწყობს პოლარიზაციას ქვეყანაში.

ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას დაკავების პროცესის დროებით გადადების შესახებ. ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე. მოვუწოდებთ ნიკანორ მელიას, დაემორჩილოს კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას“,- განაცხადა კობახიძემ.


დღეს, 18 თებერვალს პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.

ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფასილიტარორების ჩართულობით დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.