წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ბაკურიანის ძირითად ნაწილს წყალი სტაბილურ რეჟიმში მიეწოდება. ამ დროისთვის, საკურორტო ზონის 70 პროცენტი 24-საათიანი წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი.

წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს „რუმსს“ „მგზავრებს“ და „პანორამას“, ასევე, წაქაძისა და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილს. კერძოდ, სასტუმრო „მგზავრების“ რამდენიმე კორპუსის წყალმომარაგება სტაბილურია, ხოლო კორპუსების მეორე ნაწილსა და სასტუმრო „პანორამას“ წყლის მიწოდება შეზღუდული აქვთ საღამოს საათებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის განცხადებით, ტექნიკურმა ჯგუფმა წყლის მარაგის გაზრდის მიზნით გარკვეულ მონაკვეთებზე ახალი მილი გაიყვანა.

„პარალელურად, კომპანია ყველა იმ სასტუმროს, სადაც წყლის მიწოდება შეზღუდულია, ამარაგებს წყალმზიდების საშუალებით. პროცესში ჩართულია 112-ის მანქანები, რომელთა დახმარებით წყალი წყალმზიდებს წაღვერიდან და ბორჯომიდან მიეწოდება. გარდა ამისა, სამაშველო მანქანები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ შემკრები რეზერვუარის შესავსებად.

გამომდინარე იქიდან, რომ ტურისტული ობიექტების განაშენიანება ყოველწლიურად საკმაოდ სწრაფად იზრდება და სეზონის ყველაზე აქტიურ პერიოდში წყლის მოხმარება საკმაოდ მაღალია, არსებული მარაგი საკმარისი არ არის. აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას წინასწარ ჰქონდა კომუნიკაცია სასტუმროებთან და ინფორმაციას აწვდიდა სეზონის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში, წყლის მიწოდების შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ბაკურიანში ქსელის განვითარებისა და ახალი სისტემების მშენებლობის მეორე ეტაპი უახლოეს პერიოდში დაიწყება, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის სეზონის აქტიურ პერიოდში წარმოქმნილ პრობლემებს“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.