წყაროს გამჟღავნების მიზნით გამოკითხვაზე ჟურნალისტების დაბარება საშიშ სახეს იძენს - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, ბოლო პერიოდში სამართალდამცავ უწყებებში გამოკითხვაზე ჟურნალისტების გახშირებული დაბარება და წყაროს ვინაობის შესახებ შეკითხვების დასმა ეწინააღმდეგება ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს და ხელს უშლის მედიის საქმიანობას.

TI აღნიშნავს, რომ 2 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი, რომელმაც საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ დეტალებზე სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტის მიხედვით, ბაჩალიაშვილმა, რომელიც პროგრამისტი იყო, გახსნა საიდუმლო ფაილები, სადაც სამ ქართველ მაღალჩინოსანზე კომპრომატები ინახებოდა. ჟურნალისტთან  საგამოძიებო უწყებას კითხვები ჰქონდა, მათ შორის, ამ სიუჟეტში გასული დეტალების წყაროს ვინაობასთან დაკავშირებით.

ორგანიზაციის განცხადებით, იმავე მოტივით დაიბარეს გამოკითხვაზე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბუნდოვან ვითარებაში გარდაცვალების შესახებ მომზადებული მასალის გამო.

„არხისთვის წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, შაქარაშვილის „საქმის ჩაფარცხვაში“ ავთანდილ ბილანიშვილი მონაწილეობდა, რომელიც არხის ინფორმაციით, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის ახლობელია“.

TI აცხადებს, რომ ასევე, „მთავარი არხის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის შესახებ მომზადებული სიუჟეტისთვის ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტები – ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე. განცხადების მიხედვით, კითხვები ინფორმაციის წყაროს შესახებ ამ შემთხვევაშიც დაისვა. „სიუჟეტში გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაბუნიას განზრახ შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულს სინამდვილეში ვასამბეკ ბოკოვი არ ჰქვია და ის სხვა ადამიანის პასპორტს იყენებს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, უწყებებში დაბარებულ არცერთ ჟურნალისტს წყაროს ვინაობა არ გაუთქვამს.

„ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, ჟურნალისტების ინფორმაციის წყაროების დაცვა წარმოადგენს მნიშვნელოვან პირობას ჟურნალისტური მუშაობისთვის და თავისუფლებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაცია ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ჟურნალისტი არ არის ვალდებული, იყოს მოწმე პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჟურნალისტს წყაროს გამჟღავნების ვალდებულება არ აქვს.

„სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჟურნალისტების გამოკითხვაზე გახშირებული დაბარება თვითცენზურის დამკვიდრების საფრთხეს შეიცავს. შედეგად მედიის წარმომადგენლებმა შესაძლოა სამომავლოდ თავი აარიდონ მნიშვნელოვან თემებზე მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი საკითხების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. მეორე მხრივ, წყაროს იდენტიფიცირების მიმართ გამოძიების მომეტებული ინტერესი  საშიშროებასც აჩენს, რომ წყაროებმა სამომავლოდ ჟურნალისტებთან აღარ ითანამშრომლონ და არ მიაწოდონ ინფორმაცია“, – აცხადებს TI.

TI მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, პასუხისმგებლობით და სიფრთხილით მოეკიდონ ჟურნალისტების წყაროებთან დაკავშირებულ საკითხებს და მისცენ მედიას პროფესიული მოვალეობის თავისუფლად შესრულების საშუალება.