„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდარმა საჩხერე-ჭიათურის ოლქში, გიორგი კაპანაძემ პარლამენტის წინ შეკრებილებს მოუწოდა, სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობა მოაწყონ.
„მეგობრებო, მინდა, გკითხოთ: წავიდეთ დღეს სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილთან? წყნარად და მშვიდად, მაგრამ მტკიცედ და შეუპოვრად დავიძრათ სოლოლაკისკენ. მოვაწესრიგოთ რიგები, ერთმანეთს რომ ხელი არ შევუშალოთ და დავიძრათ ქაჯეთის ციხისკენ“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
ამ მოწოდების შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წევრები სოლოლაკის მიმართულებით გაემართნენ.
ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ. ისინი ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბების პირობებში ჩატარდა. მათი ნაწილის თქმით, პარლამენტის ბოიკოტი არის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიცია კონსულტაციების შედეგად მიიღებს. ამასთან, ოპოზიციამ კვირას, 8 ნოემბერს თბილისში აქცია-მსვლელობა დაანონსა.
„ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით კი, არჩევნები დემოკრატიული პრინციპების დაცვით გაიმართა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციის „დესტრუქციული ნაწილის“ დაანონსებული აქციების მიზანია, ჩრდილი მიაყენოს საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს. ის მოუწოდებს ოპოზიციას, პატივი სცეს მოქალაქეების გადაწყვეტილებასა და ცესკოს ოფიციალურ შედეგებს.