შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაბა წყნეთში მომხდარი მკვლელობისთვის დააკავეს 32 წლის პირი, რომელსაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აპრილს დაბა წყნეთში ოჯახური კონფლიქტის დროს 60 წლის მამას ცემისას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, სისხლის ლაქები გაწმინდა და სისხლიანი საოჯახო ნივთები გადამალა“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაშავებული მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 32 წლის პირი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დაბა წყნეთში დააკავეს.
შსს-ს განცხადებით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს და დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.