მე-12 კლასისთვის უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოს რედაქტორი „რუსული კანონის” მხარდამჭერი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილია. სოსიაშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც კანონის მიღების სასარგებლოდ ხმა სამივე მოსმენით მისცა.
ავტორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დიმიტრი შველიძე და განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი, ნიკო სილაგაძე არიან.
ისტორიკოსის და მასწავლებლის, გიორგი ჯავახიშვილის ინფორმაციით, სახელმძღვანელო იქნება საქართველოს ისტორიის ექსკლუზიურად საავტორო მასალა-რესურსი, რაც ნიშნავს, რომ სხვა წიგნებით სკოლებში აღარ ასწავლიან.
მისივე თქმით, წიგნის რედაქტორი და ავტორები განათლების სამინისტრომ უკონკურსოდ შეარჩია.
გიორგი ჯავახიშვილის შეფასებით, ცალსახაა 2 რისკი:
„1. არაერთხელ გაჟღერებულა შიშები, რომ განათლების სამინისტროს უნდა, ყველა საგანში ექსკლუზიურად ერთი სახელმძღვანელოსკენ წავიდეს, რაც სრულად ეწერება იმ პოლიტიკურ გემოვნებაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ ავტორიტარული მმართველობა ჰქვია. ერთი ბელადი, ერთი პარტია, განსხვავებულობის აკრძალვა პოლიტიკურ ველზე თუ სასწავლო პროცესში. ორად გაყოფილ ისტორიის საგანში [მსოფლიო და საქართველოს ისტორია] ამის მოსინჯვა და დანერგვა ყველაზე მარტივია. ჯერ რესურსი დაერქმევა და მერე მარტივად „გადაითარგმნება’’ სახელმძღვანელოში.
2. პარლამენტარი გიორგი სოსიაშვილი საერთოდ არ არის არც საქართველოს უახლესი ისტორიის სპეციალისტი (ყოველ შემთხვევაში ქართული ვიკიპედია მასზე ამბობს, რომ მისი დისერტაციის სათაურია: „ქართლის სათავადოების ისტორიიდან (სამაჩაბლო)”. ის არც სწავლების მეთოდიკის მცოდნე არაა, რომ რედაქტორობა გაუწიოს სკოლისთვის სასწავლო რესურსს.
დიდი ალბათობით, ის ამ პროექტში არის იმიტომ, რომ ცენზორის როლი გასწიოს და გააკონტროლოს ყველა სიტყვა, რაც საქართველოს უახლეს, მეტად მტკივნეულ პერიოდს ეხება. მაგალითად, ამ პერიოდის ამსახველ სახელმძღვანელოებში საკითხად იყო ხოლმე გამოტანილი 2008 წლის ომი. დღევანდელი გადასახედიდან გასაგებია, რა ტიპის ტექსტები და დავალებები შეიძლება ვიხილოთ ამ მიმართულებით სოსიაშვილის მიერ რედაქტირებულ საქართველოს ისტორიის რესურსში”.
„პუბლიკა” დაუკავშირდა ისტორიის პროფესორს და წიგნის ერთ-ერთ ავტორს, დიმიტრი შველიძეს. მან გვითხრა, რომ გიორგი სოსიაშვილს მისი დაწერილი არცერთი სიტყვა არ შეუსწორებია.
მისივე თქმით, რუსულ კანონს არ იზიარებს. თუმცა, ამ კანონის მხარდამჭერ „ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება”.
„ჩემს სახელმძღვანელოს რომ ნახავთ, იქ არცერთი სიტყვა არ შესწორებულა გიორგის მიერ. ჩვენი სახელმძღვანელო ნახელმძღვანელებია ჩემი სხვა მეორე სახელმძღვანელოდან, რომელიც უმაღლესი სასწავლებლებისთვის დაიწერა და იწყება 1917 წლიდან და 2012 წლით მთავრდება. ნახეთ წიგნი და თუ რამე საწინააღმდეგო გექნებათ, დამიკავშირდით, ინტერვიუსაც მოგცემთ.
არ ვიზიარებ რუსულ კანონს. ამის გამო 1/3 საქართველოსთან ურთიერთობას ვერ გავწყვეტ. არიან ადამიანები, რომლებიც არ მესიამოვნება და უარს ვიტყვი თანამშრომლობაზე. იმ კანონის მხარდამჭერთა შორის არიან ნორმალური ადამიანებიც, რომლებიც კანონს ემორჩილებიან. ადამიანები ყველანი რევოლუციონერებად არ ვიბადებით. ჩემი უნივერსიტეტის – თსუ-ის რექტორიც „ოცნების” წევრია, რა ვქნა, წამოვიდე უნივერსიტეტიდან?
[თუ გიორგი სოსიაშვილს] წიგნთან დაკავშირებით რამე საწინააღმდეგო ექნება და მეტყვის, მე არ მივიღებ მის წინადადებას”, – გვითხრა დიმიტრი შველიძემ.
გიორგი სოსიაშვილის ბიოგრაფიის თანახმად, მან 1994 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფ. დიცის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დევნილობის გამო გორში ფუნქციონირებდა. 2005 წელს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართლის სათავადოების ისტორიიდან (სამაჩაბლო)“ და მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური წოდება. 2006 წლიდან ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორია. ცხინვალისა და გორის უნივერსიტეტების გაერთიანების შემდეგ 2007 წლიდან გორის უნივერსიტეტის პროფესორია. 2010-2019 და 2019-2023 წლებში იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
2023 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს X მოწვევის პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან”.
„პუბლიკა” განათლების სამინისტროსაც დაუკავშირდა. ჩვენ უწყებას ვკითხეთ, რა პრინციპით შეირჩა წიგნის რედაქტორად გიორგი სოსიაშვილი, ასევე, რატომ წარიმართა ეს პროცესი უკონკურსოდ?
უწყება „პუბლიკის” კითხვებს არ პასუხობს. სამინისტროს პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.