XXI საუკუნეში ისეთ განვითარებულ ადგილზე, როგორიც თბილისია, რთული გასაგებია, რატომ ვერ დაესწრო სააკაშვილი პროცესს - ელჩი

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის და როგორც ბრალდებულის უფლებები დაცული იქნება.

ელჩმა შეშფოთება გამოთქვა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობების გამო.

„შეშფოთებული ვართ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობების გამო. ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მისი უფლება სრულად დაცული იყოს, დაცული იყოს მისი, როგორც პატიმრის უფლება და ასევე მისი, როგორც განსასჯელის უფლება. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მას მიეცემა სასამართლოს წინაშე წარდგენის საშუალება.

21-ე საუკუნეში და ისეთ განვითარებულ ადგილზე, როგორიც თბილისია, რთული გასაგებია, რატომ არ ჰქონდა მას სასამართლოზე დასწრების საშუალება. იმედი მაქვს, ტექნიკურად შესაძლებელი იქნება, მან ეს ონლაინ რეჟიმში გააკეთოს, ვინაიდან მისი, როგორც განსასჯელის უფლება სრულად უნდა იყოს დაცული.

მოხარული ვართ იმით, რომ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გადაწყვიტა არ გააგრძელოს შიმშილობა, ვინაიდან ეს რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობას არ წაადგებოდა.

ასე რომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს, რომლის გადადგმასაც საქართველოს სასამართლო გადაწყვეტს“, – აღნიშნა ელჩმა.

მიხეილ სააკაშვილის საკითხს გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც.

„სამართლებრივი პროცესი უნდა გაგრძელდეს ადამიანის ძირითადი უფლებების მიხედვით და პირადი ინფორმაციის დაცვით და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების დაცვით“, – აღნიშნა ელჩმა.


14 დეკემბერს სასამართლო პროცესზე, რომელზეც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადების საკითხს განიხილავენ, მიხეილ სააკაშვილის დასწრება ან დისტანციური ჩართვა ვერ მოხერხდა.

კლინიკა „ვივამედმა“ მას პროცესზე ფიზიკური დასწრების რეკომენდაცია არ მისცა, დისტანციურად მის ჩართვაზე უარი კი პენიტენციურმა სამსახურმა ტექნიკური გაუმართაობით განმარტა.

14 დეკემბერსვე პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეომასალა „ვივამედში“ სააკაშვილის პალატიდან, რომელშიც, მათი თქმით, ასახუალია, როგორ ეურჩება ექსპრეზიდენტი ექიმებს და უარს აცხადებს მკურნალობაზე.

უხმო ვიდეომასალა 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და ასახავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე – 12 დეკემბერი.