ყაჩაღობის მომზადებისა და იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავეს - შსს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, ჯგუფური ყაჩაღობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თეთრიწყაროს რაიონში ორი არასრულწლოვანი დააკავეს.

დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თეთრიწყაროში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა, სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს. პოლიციამ ორივე მათგანი თეთრიწყაროში იმ დროს დააკავა, როდესაც ისინი სახლზე თავდასხმას აპირებდნენ. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: დანაშაულის ჩასადენად მომზადებული ნიღბები, ხელთათმანები, ასევე, გადაჭრილი თოფი 2 საბრძოლო ვაზნით და გადაკეთებული აირის პისტოლეტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის ჯგუფურად მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.