„ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ“ – არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ ანგარიშების დაყადაღების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებენ.
„ყადაღის საფუძვლად მითითებულია ის, რომ ჩვენ ვეხმარებოდით და ვეხმარებით მასობრივად ნაწამებ ადამიანებს, სინდისის პატიმრებს, დაჯარიმებულ მოქალაქეებს. უკანონო განჩინება არ შეიცავს რამენაირ ფაქტობრივ დასაბუთებას. მოსამართლემ გადაწყვეტილება მხოლოდ შაბლონური ციტატების საფუძველზე მიიღო.
ქართველი ხალხის მტრებს სურთ, რომ აღარ შეგვეძლოს ბავშვების, ქალების, შშმ პირების, სტუდენტების, უკანონოდ დაკავებულების, მშრომელების, ხანდაზმულების უფლებების დაცვა; აღარ ვიკვლევდეთ და ვაშუქებდეთ უსამართლობას, კორუფციას, წამებას, სისტემურ ძალადობას; აღარ ვიცავდეთ მათ სტრასბურგსა და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში.
მათ სურთ არამხოლოდ ევროინტეგრაციის სამომავლო საბოტაჟი, არამედ ქართველი ხალხისთვის უკვე მოპოვებული უდიდესი სიკეთის – უვიზო მიმოსვლის უფლების ჩამორთმევაც“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მათი თქმით, ამ რეპრესიების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციები არ შეწყვეტენ თავიანთ საქმიანეობას და გამოიყენებენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული გზის მოწინააღმდეგეებმა მიზანს ვერ მიაღწიონ.
„ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ. ყადაღის, რეპრესიების თუ მუქარების მიუხედავად, ჩვენ ჯიუტად გავაგრძელებით შრომას, სანამ ქართველი ხალხი სამართლისა და სამართლიანობისათვის ყოველდღე იბრძვის. ჩვენ ვიბრძოლებთ ავტორიტარული წესებისა და რუსული კანონების წინააღმდეგ და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა კონსტიტუციაში გაწერილი, ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული გზის მოწინააღმდეგეებმა მიზანს ვერ მიაღწიონ.
ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპულ გზას, გავაგრძელებთ უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლას“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„ქართული ოცნების” პროკურატურამ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები.
დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების”, „საფარის” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ანგარიშები.
პროკურატურა აცხადებს, რომ დაყადაღება მოხდა იმ სისხლის სამართლის გამოძების ფარგლებში, რომლებიც მათ ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყეს და რომელიც „საბოტაჟს ეხება”.
უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს”.