ყანდიაშვილი: ფეისბუკთან ვითანამშრომლებ ფეიკ ნიუსებთან უკეთ საბრძოლველად

პუბლიკა

ეS პერსონასთან დაკავშირებული ფეისბუქგვერდების, ჯგუფებისა და მომხმარებლების წაშლის შესახებ, სამთავრობო ვებგვერდის დამფუძნებელი კოკა ყანდიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

როგორც ყანდიაშვილი ამბობს, მას „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძვის. თავადაც არ დაიღლება „ამ ბოროტ ძალასთან“ ბრძოლით.

მისი თქმით, 2014 წლიდან ის აღარ არის საჯარო სამსახურში. „თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ საჯაროდ ვაქტიურობ ყველა საარჩევნო კამპანიის დროს. მე ვიყავი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი შექმნის დღიდან და ასე იქნება მომავალშიც. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამ გუნდში და პარტიასაც ხშირად ვსტუმრობ”. – ამბობს ის.

ყანდიაშვილი ამტკიცებს, რომ „ესპერსონა“ დამოუკიდებელი მედიაპლატფორმაა.

„რაც შეეხება ფეისბუქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ორგანიზაციებს, რომლებმაც მიაწოდეს «კვლევის» მასალები ფეისბუქს, თავად «კვლევის» სამიზნედ პირადად მე და «ეS პერსონა» ჰქონდათ ამოღებული, რომ რამენაირად მოეყენებინათ ჩვენთვის ზიანი. რასაც ამ ეტაპზე მიაღწიეს კიდეც“.

ის ამბობს, რომ  „მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებ ფეისბუქთან,  გუგლთან და სხვა სოციალურ ქსელებთან, რათა ნამდვილად ეფექტური იყოს ფეიკ ნიუსებთან, რუსულ პროპაგანდასთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობასთან ბრძოლა“.