მთავრობა: ყარაბაღიდან სომხეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 550 დევნილი გადავიდა

პუბლიკა

26 სექტემბრის 08:00 საათის მონაცემებით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 550 დევნილი გადავიდა. ინფორმაცია სომხეთის ხელისუფლებამ დღეს გაავრცელა.

11 000-მა ადამიანმა რეგისტრაცია უკვე გაიარა. მდგომარეობის შეფასებას საჭიროებს 2 550 დევნილი.

სომხეთის მთავრობის განცხადებით, მათ, ვისაც თავშესაფარი არსად აქვს, საცხოვრებლით ხელისუფლება უზრუნველყოფს.

პარალელურად, სტეფანაკერტში ხანძრები და აფეთქებებია. 25 სექტემბერს ნავთობის საწყობი აფეთქდა. ადგილზე ასობით ადამიანი იყო თავმოყრილი, რათა ქალაქის დასატოვებლად საწვავი მიეღო.

უცნობია დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობა. არწახიდან გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილთა უმეტესობის მდგომარეობა მძიმეა, სამედიცინო საშუალებები კი – არასაკმარისი.

ადგილობრივების თქმით, სტეფანაკერტიდან ევაკუაციის ორგანიზება არავის გაუწევია, რაც კიდევ უფრო მეტ ქაოსსა და არეულობას იწვევს.

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაციის“ მიზანია „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა რეგიონში, სომხური ჯარის განიარაღება და იძულება, დატოვონ ტერიტორია”.

24 საათში ომი შეწყდა – არწახის სეპარატისტული რეჟიმი დანებდა. სომხეთის პრეზიდენტმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არ აპირებს, იომოს.

მოსახლეობის ნაწილმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის დატოვება 21 სექტემბერსვე დაიწყო. 120 ათასი ადამიანი, რომელიც არწახის სეპარატისტული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, საცხოვრებელს ტოვებს.