ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია გამართა

პუბლიკა

სოფელ ყარაჯალარის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები საკონტროლო გამშვებ პუნქტთან შეიკრიბნენ და სოფლის გახსნას მოითხოვენ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფლის ჩაკეტვა მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ცუდად აისახა – სამსახურებში ვერ დადიან, სოფლის მეურნეობის პროდუქტს კი დისტრიბუტორები დაბალ ფასად იბარებენ.

ადგილზე იმყოფება ქვემო ქართლის რწმუნებული. როგორც  შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება ცდილობს, აუხსნას ხალხს, რომ ნაბიჯები, რომელსაც სახელმწიფო დგამს, აუცილებელია პრევენციისთვის.

მისივე ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა.

„დღეის მდგომარეობით გარდაბნის მუნიციპალიტეტში დადასტურებული 61 ფაქტია და აქედან 37 სოფელ ყარაჯალარშია. სოფელ ყარაჯალარში 2400-ზე მეტი „პისიარ“ ტესტია აღებული, რაც არ არის ცოტა. რეგისტრირებული მოსახლეობიდან აქ ყველა არ ცხოვრობს, მაგრამ კიდევ უფრო გასაააქტიურებელია სამუშაო. ჩვენ ვხედავთ, რომ კიდევ არის მოსახლეობა, რომელიც პრინციპულად და კატეგორიულად არ თანამშრომლობს, რაც აძნელებს პროცესების მართვას და აჭიანურებს ამ რეჟიმს.“ –განუცხადა ჟურნალისტებს შოთა რეხვიაშვილმა.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები 24 ივლისს ამოქმედდა.