18 ნოემბერს სამხატვრო აკადემიაში რექტორის არჩევნები გაიმართება. რექტორობის მსურველი ერთადერთი კანდიდატი ყარამან ქუთათელაძეა. „პუბლიკა“ მხატვარ ყარამან ქუთათელაძეს დაუკავშირდა და რექტორის არჩევნებში მონაწილეობაზე კითხვები დაუსვა.
კითხვაზე – რატომ გადაწყვიტა აკადემიური საქმიანობის გაგრძელება და რექტორის არჩევნებში მონაწილეობა, – გვითხრა, რომ 2000 წლიდან არტ-ვილა „გარიყულასთან“ დაკავშირებული საქმეების გამო ფორმალურად მოუწია აკადემიური საქმიანობის შეწყვეტა, თორემ არაფორმალურად სტუდენტებთან მთელი ამ წლების განმავლობაშიც მუშაობდა.
„საქართველოში პირველი რეზიდენცია გავაკეთე, არტ-ვილა „გარიყულა“. ეს არის ახალი რეზიდენცია, რომელიც იქამდე არ იყო საქართველოში და ეს სისტემა შევქმენი. ძალიან რთული იყო. ახლა უკვე ყველამ იცის, როგორ კეთდება რეზიდენციები. როგორც ასეთი აკადემიური საქმიანობისთვის თავი არ დამინებებია.
ჩემს რეზიდენციაში სტუდენტები ყოველთვის იყვნენ, მოდიოდნენ. ეს იყო პარალელურ რეჟიმში და ოფიციალურად აკადემიაში არ ვმუშაობდი, თორემ აკადემიის სტუდენტები ყოველთვის იყვნენ ჩართული რეზიდენციის საქმიანობაში. კონკურსში ვმონაწილეობ იმიტომ, რომ ვხედავ პოტენციას, ვხედავ სისტემას და როგორ შეიძლება გატარდეს ცვლილებები და რეფორმა აკადემიაში.
1984 წელს უკვე ვმუშაობდი აკადემიაში. აკადემიის ცხოვრება ჩემთვის უცხო არაა და პრობლემები გამოსავალს ითხოვს. ერთი თვე საჯაროდ გამოცხადებული იყო, ვისაც უნდოდა შეეძლო მონაწილეობის მიღება. დამალული არ იყო“, – გვითხრა ყარამან ქუთათელაძემ.
კითხვაზე – არის თუ არა მისი კანდიდატურა თეა წულუკიანის მიერ მოწონებული და რას ფიქრობს მის როლთან დაკავშირებით აკადემიის ცხოვრებაში, – გვპასუხობს:
„აკადემია სახელმწიფო ორგანიზაციაა. ის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. კულტურის მინისტრი უცხო პირია თუ რა, ვერ გავიგე. კულტურის მინისტრის როლი ამ არჩევნებში არაფერია, სამინისტროს გადაწყვეტილება სხვა რამეა. ხომ არ ვინიშნები, არჩევნებით გავდივარ. საბჭოთა დროს ნიშნავდნენ. ეს არის ზრდილობის ფორმები და დიპლომატიური ფორმა, როდესაც შენ გაქვს კონტაქტი კულტურის მინისტრთან, ის დადის გამოფენებზე, ღონისძიებებზე და ა.შ. ეს ხომ ნორმის ფარგლებია, ზრდილობის და ჩვენი კულტურის.
კულტურის სამინისტროსთან საქმიანი ურთიერთობები მაქვს მას შემდეგ, რაც მე დავაარსე არტ-ვილა „გარიყულა“ და მანამდე კიდე 8 მინისტრი შეიცვალა ჩვენი მოღვაწეობისას და სხვა მინისტრებთანაც გვქონდა საქმე. საერთო პროექტებს ვაკეთებთ, მანამდეც ვაკეთებდით და ახლაც ვაკეთებთ და კიდევ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ. რეზიდენციის სტატუსი და ხელშეკრულება ჯერ კიდევ სესილი გოგობერიძის დროს დაიწყო, მერე იცვლებოდა სიტუაცია პოლიტიკური მდგომარეობები და ა.შ. რაღაც პრობლემები იყო ყოველთვის. ქალბატონი თეას დროს ამას იურიდიულად დაესვა წერტილი და გამოსწორდა ეს სიტუაცია. იქ იყო ტექნიკური მხარე, რომელიც პრობლემური იყო, თორემ კონტრაქტი დაიდო სესილი გოგიბერიძის დროს“, – ამბობს ქუთათელაძე.
კითხვაზე – როგორ აფასებს წულუკიანის მინისტრობას და იმ პოლიტიკას, რომელსაც ის ატარებს კულტურისა და სამუზეუმო სფეროში, – გვიპასუხა:
„ჩვენ დემოკრატიულ სამყაროში ვცხოვრობთ და ვცდილობთ, რომ იყოს ღია ცხოვრება და ყველას შეეძლოს თავისი აზრის გამოხატვა. ზოგს ასე უნდა, ზოგს ისე. თეას პოლიტიკის კრიტიკა შეუძლია ყველას, იმიტომ, რომ ჩვენ ვისწრაფვით ღია საზოგადოებისკენ. მე სამუზეუმო ცხოვრების დეტალებში არ ვარ ჩახედული. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. ჩემი წუხილის საგანი ჩემი პროფესიაა და ამას მივყვები. სპეციფიკურ რაღაცებში მე პროკურორი არ ვარ, რომ ჩავიხედო, მე მენეჯმენტში არ ვერევი, ჭორებს როგორ უნდა ავყვე“, – ამბობს ყარამან ქუთათელაძე.
აკადემიის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა რექტორობის კანდიდატის ყარამან ქუთათელაძის მიერ წარმოდგენილი სტრატეგიული განვითარების გეგმა.