ყარსის ხელშეკრულებაზე ყალბი ნარატივის ერთ-ერთი გამავრცელებელი „პატრიოტთა ალიანსი“ იყო – პარლამენტის თემატური ჯგუფი

ვასკა მათითაიშვილი

პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებში ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორ ვრცელდება ანტიდასავლური ნარატივები?

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მოკლე და გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად  მტრულ საინფორმაციო კამპანიებში ხშირად ნერგავენ შიშს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორებიცაა: იდენტობა, ოჯახი, რელიგია, ენა და სხვა ფასეულობები. გამოკითხული ორგანიზაციების უმეტესობა გამოყოფს თვისებებს, რომლებიც დამახასიათებელია რუსეთისა და პრორუსული აქტორებისთვის:

  • შეთქმულების თეორიები და მითები;
  • ანტიამერიკული და ანტითურქული გზავნილები;
  • ნატოში გაწევრიების გატოლება რუსეთთან ომსა და საქართველოს ტერიტორიების დაკარგვასთან;
  • საბჭოთა წარსულის განდიდება;
  • დასავლური ინსტიტუტების დაკნინება;
  • ლიბერალიზმის ბოროტებად მონათვლა;
  • ეთნიკური და რელიგიური გრძნობებით მანიპულირება.

ანგარიშში ასევე განხილულია 3 მაგალითი, რის შესახებაც ყალბი ნარატივი გავრცელდა. ესენია: NATO-ში საქართველოს გაწევრება, ყარსის ხელშეკრულება და NATO და ლუგარის ლაბორატორია;

აღსანიშნავია, რომ ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ყალბი ნარატივის გამავრცელებლებს შორის დასახელებულია „პატრიოტთა ალიანსი“. ასევე,  გამოცემა საქინფორმი; ვლადიმირ ხომერიკი – მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენი.

ანგარიშის მიხედვით, ყალბი ნარატივი გულისხმობდა შემდეგს: 1921 წელს დადებულ ყარსის ხელშეკრულებას 2021 წელს ვადა გასდის, რის შემდეგაც დოკუმენტის პირობების დაცვა საეჭვო ხდება და თურქეთმა შესაძლოა, ბათუმზე პრეტენზია განაცხადოს. ამ პროცესს ხელს შეუწყობს საქართველოს NATO-ში შესვლა და ბათუმში ალიანსის ბაზების განთავსება.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ სინამდვილეში ყარსის ხელშეკრულება უვადოა. თურქეთს კი, რომელიც საქართველოს NATO-ში გაწევრების აქტიური მხარდამჭერია, ბათუმზე ტერიტორიული პრეტენზიის განცხადების უფლება არ გააჩნია და მსგავსი შინაარსის პოზიცია არც არასოდეს გამოუხატავს.

ანგარიშის მიხედვით, მსგავსი ყალბი ნარატივის მიზანია, თურქეთისა და დასავლეთის აგრესიულობის ხელოვნურად ჩვენება და გაზვიადება. დასავლური ღირებულებების ქართულთან შეუსაბამობის დასაბუთება.

3 წლის წინ იმავე თემაზე მოკვლევა ჩაატარა „მითების დეტექტორმაც“. კვლევის მიხედვით, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ყარსის ხელშეკრულება აჭარის მუსლიმი მოსახლეობისთვის რეფერენდუმის გამართვის უფლებას ითვალისწინებდა. კვლევაში მოყვანილია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებაც.

დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი: „ღიად ლაპარაკობენ და პირდაპირ წერენ აბსოლუტურ სისულელეს, რომ 2021 წელს, ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავთან დაკავშირებით, უნდა გაიმართოს რეფერენდუმი აჭარის სტატუსის თაობაზე”.


2019 წლის თებერვალი-ნოემბრის პერიოდში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა ჩაატარა ზეპირი და წერილობითი გამოკითხვები სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან. ანგარიშის მიხედვით, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მიზანი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე ქვეყანაში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და პრობლემების გამოკვლევა და ანალიზია.

თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეიმუშავა ტექნიკური დავალება და კითხვარი, გამოკვეთა დაინტერესებული მხარეები და ჩაატარა წერილობითი და ზეპირი გამოკითხვა წინასწარ შერჩეულ რესპონდენტებთან.

თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ:

  • ნინო გოგუაძე – პარლამენტის წევრი;
  • დიმიტრი ცქიტიშვილი – პარლამენტის წევრი;
  • ცოტნე ზურაბიანი – პარლამენტის წევრი;
  • ირინე ფრუიძე – პარლამენტის წევრი;
  • გიორგი ხატიძე – პარლამენტის წევრი;
  • გიგა ბოკერია – პარლამენტის წევრი;
  • გიორგი კანდელაკი – პარლამენტის წევრი;
  • სალომე სამადაშვილი – პარლამენტის წევრი.