ყაველაშვილი დაკავებულ ოპოზიციონერებს არჩევნებში მონაწილეობის დასტურის სანაცვლოდ შეწყალებას სთავაზობს

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სთავაზობს, რომ მას შეწყალების თხოვნის განცხადებით მიმართონ, სადაც ასევე დაადასტურებენ არჩევნებში მონაწილეობის სურვილს, რის შემდეგაც შეწყალების აქტს დაუყოვნებლივ გამოსცემს.

„ზუსტად სამ თვეში, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს.

როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე”, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე 7-7 თვე აქვთ მისჯილი ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს, ასევე გივი თარგამაძეს. 8-8 თვე კი – მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ნიკა გვარამიას და ირაკლი ოქრუაშვილს.