ყაველაშვილი: გვექნება თავისუფლება, საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ

პუბლიკა

გუშინ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ სამმა წევრმა სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ დატოვეს. სხდომის დასრულების შემდეგ პარტიიდან წამოსულმა დეპუტატებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს.

„გვექნება თავისუფლება, საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ, დარწმუნებული ვარ, რეალობას საღად შეხედავენ, რომ ყველაფერი კეთდება ქვეყანაში მშვიდობისთვის.

კონკრეტიკაზე თავს შევიკავებთ, ამას ხვალ გაიგებთ. ჩვენი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი აზრით, არასაკმარისად მიეწოდება ის სიმართლე, რომელიც აუცილებელია, რომ მათ იცოდნენ და ჩვენ, სამმა ადამიანმა გადავწყვიტეთ, რომ ამ სახით შეგვიძლია, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და არ დავაზიანოთ „ქართული ოცნება“.

არის საკითხები, რომელიც ხვალ გაჟღერდება. ამ საკითხებზე მსჯელობაც გვექნება, რომ ჩვენმა საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს, რა ვითარებაა დღეს საქართველოში და საერთო აზრი გვქონდეს, მით უმეტეს, ჩვენს ამომრჩეველთან. ჩვენ გვექნება თავისუფლება, რომ ჩვენს საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ. დარწმუნებული ვარ, ისინი არსებულ რეალობას საღად შეხედავენ, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ვიქნებით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, პარტიის დატოვებაზე გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო და „ოცნების“ წევრებთან არავითარი ღირებულებითი სხვაობა არ აქვს.

„ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო. ჩემი პოლიტიკური ასაკი ზუსტად ემთხვევა „ქართული ოცნების“ პარტიის ასაკს, მაგრამ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები. ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს; პრაქტიკულად, ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი, დღეს მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პოლიტიკურ რეალობაში.

ამიტომ საკითხები, რომლებიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომლებიც კულისებში განიხილება, მე ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და ის ინფორმაცია, რაც მათ დღეს არ აქვთ, ამ ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.