ყაველაშვილი: მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მადლობა, რომ ეს ნდობა მომანიჭა

პუბლიკა

ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ყაველაშვილმა ბიძინა ივანიშვილმა „ნდობის მინიჭებისთვის” პირადად მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისი მისია იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტი „კონსტიტუციურ ჩარჩოში” დააბრუნოს.

„პირველ რიგში, დავიწყებ მადლობით. განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მეამაყება და ბედნიერი ვარ, რომ ესეთ რთულ, გამოწვეულ ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა მიწევს ამ ადამიანთან ერთად და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ნდობა მომანიჭა. ასევე, ჩემს თანამებრძოლებს, უმრავლესობას, თითოეულ წევრს განსაკუთრებული მადლობა მათაც ამ ნდობის გამოცხადებისთვის.

რა თქმა უნდა, გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ჩვენდა სამწუხაროდ, მოქმედმა პრეზიდენტმა პირდაპირ შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას.

ეს იმ ფონზე, რომ სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული, რადიკალიზაცია, პოლარიზაცია გაღვივებული, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები” ეხმარებიან, რომ ეს პროცესი უფრო მეტად გამძაფრდეს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილი „ქართული ოცნებიდან” ფორმალურად სოზარ სუბართან, დიმიტრი ხუნდაძესთან და რამდენიმე სხვა წევრთან ერთად 2022 წლის აგვისტოში გავიდა და „ხალხის ძალა” დააფუძნა, რათა დასავლეთის შესახებ ეთქვა „ის სიმართლე, რომლსაც „ოცნება” ვერ იტყოდა”.

„ხალხის ძალამ”, რომელიც განსაკუთრებული პრორუსული რიტორიკით გამოირჩეოდა, თავიდანვე თქვა, რომ არ აპირებდა „ქართული ოცნების” ოპოზიციაში ყოფნას.

„ხალხის ძალა” საქართველოს დასავლელ პარტნიორებს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს აქტიურად უპირისპირდებოდა.

მათ გააკეთეს განცხადებები იმის შესახებ, რომ „2008 წელს საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ქვეყანას ომი ვერ ააცილა და ეს გამოძიებას საჭიროებს”. გარდა ამისა, „ხალხის ძალამ” თქვა, რომ „სერიოზული კითხვები აქვთ 2008 წლის ომში აშშ-ის როლზე”.

2024 წლის არჩევნებამდე „ხალხის ძალის” წევრები „ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაში შეიყვანეს.

„ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 14 დეკემებრს დანიშნა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტი არ აირჩევა პირდაპირი წესით – მას 300 ხმოსნისგან შემდგარი კომისია შეარჩევს, რომელშიც შედის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი.