უმრავლესობის დეპუტატი, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ მოძრაობის კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელის ნედ პრაისის განცხადება მიუღებელია.
„აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია. იქნება პუნქტობრივი განხილვა პარლამენტში და ყველას შეეძლება, ნახოს. არავის არაფერს ვუზღუდავთ, აქ საუბარია გამჭვირვალობაზე და მიკვირს, რომ ასეთი შეფასებებია და შეურაცხმყოფელი განცხადებებია.
საზოგადოება შეაფასებს, საზოგადოების არჩეული ვართ ჩვენ, უმრავლესობა, ეს არ არის საკმარისი? პარლამენტი რისთვის ფუნქციონირებს, კანონის ინიცირება სად უნდა მოხდეს, საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით, აბა, თქვენ რას გულისხმობთ, რომ ნედ პრაისმა უნდა გადაწყვიტოს, საქართველოში რა უნდა მოხდეს? ვისთან უნდა მქონდეს კომუნიკაცია? პარტნიორებთან რატომ უნდა მქონდეს კომუნიკაცია? ჩვენი კონსტიტუცია წაიკითხეთ.
… კონსტიტუციაში რაც წერია, ეს არ ნიშნავს, რომ ნედ პრაისს დავურეკო, კანონპროექტის ინიცირებას ვაპირებ და შენ თანახმა ხარ თუ – არა. ნედ პრაისს ეს ვკითხო?, “- თქვა პარლამენტში ჟურნალისტებთან მიხეილ ყაველაშვილმა.
15 თებერვალს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა, განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.