„ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ ბოლო დღეებში დაჩქარებული წესით მიღებულ რეპრესიული კანონებს.
შესაბამისად, 30 დეკემბრიდან კანონები ძალაში შევა.
ცვლილებები ეხება შემდეგ კანონებს:
- საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ;
- კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ;
- პოლიციის შესახებ კანონი;
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
- საარჩევნო კოდექსი.
ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო.
ცვლილებებით არსებული საკანონმდებლო წესრიგი უარესდება და ის ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის სულისკვეთებას, – ამბობენ სამოქალაქო ორგანიზაციები.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება საჯარო დაწესებულებების პირველადი სტრუქტურული ერთეულებისა და შუა რგოლის მოხელეების დანიშვნას ეხება. ცვლილებები შეეხო რეორგანიზაციის საფუძვლებსა და საჯარო მოხელეთა შეფასების წესსაც.
ცვლილებამდე: მაგალითად, დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილეები ინიშნებოდნენ განუსაზღვრელი ვადით და ჰქონდათ საჯარო მოხელის სტატუსი.
ცვლილებების შემდეგ: ისინი აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად, არამედ გახდებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებული პირები.
ასევე, ხელმძღვანელების უფლებამოსილების შეწყვეტა გამოიწვევს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა უფლებამოსილების შეწყვეტასაც.
მაგალითად: თუ გათავისუფლდა მინისტრი, გათავისუფლდებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულებიც, ანუ პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და შუა რგოლის მენეჯერები.
ახალი რედაქციით: შუა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დანიშვნის გადაწყვეტილებას ხელმძღვანელი მიიღებს. კონკურსი საჭირო აღარ გახდება. მათზე აღარ გავრცელდება მოხელისათვის გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის – სახელმწიფო ენის ცოდნა, მოხელის სერტიფიკატი და ასაკთან დაკავშირებული საკითხები.
სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებით, მოხელის განუსაზღვრელი ვადით დანიშვნის მიზანი პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის შექმნა იყო. ახალი ცვლილებებით კი ნეპოტიზმის რისკი იზრდება.
ცვლილებები შეეხო რეორგანიზაციის საფუძვლებსა და საჯარო მოხელეთა შეფასების წესსაც.
ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე, წელიწადში ერთხელ შეფასების ნაცვლად, შეფასდება 6 თვეში ერთხელ. მოხელე შეფასდება წელიწადში 2-ჯერ და ორივეჯერ არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში, ის გათავისუფლდება სამსახურიდან.
აქამდე, ეს პროცესი 2 წელიწადს მოითხოვდა. თუ მოხელე მიიღებს არადამაკმაყოფილებელ შეფასებას, მას დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20% მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე.
ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში
„ოცნების“ მიერ მიღებული კანონთა პაკეტით, იკრძალება აქციაზე პიროტექნიკის, ნიღბის, ლაზერის ტარება, მკაცრდება რიგი ადმინისტრაციული სახდელები.
გარდა ამისა, ცვლილებებით, გაიზარდა ჯარიმები მთელ რიგ სამართალდარღვევებზე, მათ შორის, იერსახის დამახინჯებაზე, ვანდალიზმზე, შეკრებისა და მანიფესტაციების კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე, სატრანსპორტო საშუალებით გზის გადაკეტვაზე;
,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები პროტესტის მონაწილეებს ნიღბებისა და გარკვეული ტექნიკური საშუალებების გამოყენებას უკრძალავს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით:
ეს ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ:
– კანონპროექტი ითვალისწინებს ნიღბის ტარების ბლანკეტურ აკრძალვას, რაც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, არაპროპორციული შეზღუდვაა. კერძოდ, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის შეფასებით, ნიღბის ტარება დემონსტრაციაზე შესაძლოა, ასევე, გამოხატვის ფორმად ჩაითვალოს და ბლანკეტური აკრძალვა არღვევს ადამიანის უფლებებს. ნიღბის ტარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვა ლეგიტიმურ მიზანთან, მაგალითად, ემსახურებოდეს შემდგომი ანგარიშსწორებისაგან თავდაცვას.დემონსტრაციაზე ნიღბის ტარება არ უნდა იყოს აკრძალული, თუ არ არსებობს მყისიერი ძალადობის აშკარა მტკიცებულება. პირს არ უნდა მოსთხოვონ, მოიხსნას ნიღაბი, თუ მისი ქცევა არ ქმნის სავარაუდო დაკავების საფუძველს.
– მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშის მიხედვით, ასეთი შეზღუდვა ხშირად გამოიყენება კონკრეტული ჯგუფების მიზანში ამოსაღებად და მათი შეკრების თავისუფლების არასათანადოდ შესაზღუდად. სპეციალური მომხსენებლის მიხედვით, არსებობს ლეგიტიმური და არაკრიმინალური მიზნები, რის გამოც დემონსტრანტები ნიღბებს ატარებენ, მათ შორის, აქციაში მონაწილეობის გამო ანგარიშსწორების შიში.
– მსგავსი ბლანკეტური აკრძალვა შეუთავსებელია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთანაც. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასმართლომ საქმეზე Ibragimova v. Russia, დაადგინა მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა მე-11 მუხლის (შეკრების თავისუფლების) შუქზე, რადგანაც ეროვნულმა ორგანოებმა სოლო დემონსტრაციის მოწყობისას ნიღბის ტარების გამო პირს ბლანკეტურად დააკისრეს ადმინისტრაციული პასუხიმგებლობა, ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გარეშე.
გარდა სახის დაფარვისა, შეკრების მონაწილეებს ასევე აეკრძალებათ თან იქონიონ „ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას, ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას.“ მიმდინარე აქციების პარალელურად შსს რუტინულად ატარებს უკანონო ჩხრეკებს და ადამიანებს, მათ შორის, ისეთ ლეგალურ ნივთებს ართმევს, როგორიცაა აირწინაღი და ნიღაბი. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ შეზღუდვას შსს უკანონო ჩხრეკების გასამართლებლად გამოიყენებს და არაპროპორციულად გამოიყენებს, მათ შორის, ისეთი ლაზერული ან მანათობელი ნივთების მფლობელთა წინააღმდეგ, რომელთაც არ შეუძლიათ აღნიშნული ხელსაწყოებით რეალურად შეაფერხონ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობა ან მათი ტექნიკის ფუნქციონირება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისთვის სანქცია 2000 ლარი იქნება.
ცვლილება სარჩევნო კოდექსში
ცვლილებების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვლავ იზრდება საკრებულოებში მაჟორიტარული კომპონენტი და ის 2017 წლის ნიშნულს უბრუნდება.
საიას შეფასებით, ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც 2024 წლის გაზაფხულზე ერთპარტიულად მიღებული ცვლილებით უკვე გაუქმდა საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ასარჩევად დაწესებული მინიმალური 40%-იანი საარჩევნო ბარიერი და მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობა.
საკრებულოს წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ნამდვილ ხმას მიიღებს.
ცვლილებების შედეგად 2025 წლიდან ადგილობრივ წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნები თვითმმართველ ქალაქებში (თბილისის გარდა) პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრებს შორის თანაფარდობა 3/2-ით (ნაცვლად 4/1-სა), ხოლო თბილისში 1/1 (ნაცვლად 4/1-სა) პროპორციით განისაზღვრება. სხვა დანარჩენ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს პროპორციული სისტემით არჩეულ წევრთა რაოდენობა 15 იქნება, ხოლო მაჟორიტარი წევრები ფარდობითი უმრავლესობის საფუძველზე (ნაცვლად 2/1-სა), საარჩევნო ბარიერისა და შესაბამისად მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობის გარეშე აირჩევიან. ამასთან, გაიზარდა პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრთა ბარიერი და 4%-ით განისაზღვრა (ნაცვლად 3%-სა და თბილისში 2.5%-სა).
საიას შეფასებით, საერთო ჯამში, საარჩევნო კანონმდებლობა მხოლოდ ნაწილობრივ უბრუნდება 2017 წლის რედაქციას, რაც, თავისთავად, უკან გადადგმული ნაბიჯია, თუმცა რეალურად საქმე გვაქვს არსებით გაუარესებასთან. ცვლილებების შედეგად მიღებული საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში პროპორციულად ასახვას და მნიშვნელოვნად გაზრდის ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობას. ყველაზე მეტი მხარდაჭერის მქონე სუბიექტი გაუმართლებელ უპირატესობას მოიპოვებს და მის კანდიდატს საშუალება მიეცემა ამომრჩევლის უმრავლესობის უარყოფითი განწყობის მიუხედავად დაიკავოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობა.
ცვლილებები პოლიციის შესახებ კანონში
,,პოლიციის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ითვალისწინებს შესაძლებლობას, პირები პოლიციის რიგებში კონკურსის გავლის გარეშე დაინიშნონ. აღნიშნული დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
– კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები მიზნად ისახავს პოლიციის გასამხედროებული დანაყოფების სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებას, სადაც სამხედრო წოდების მქონე პირები მსახურობენ. 2025 წლის 1 იანვრიდან სამხედრო სამსახური მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დარჩება, რაც, განმარტების მიხედვით, ითხოვს გარკვეული პოზიციების შევსების სპეციფიური წესების დაწესებას.
– მიუხედავად ამისა, კანონპროექტი არ ზღუდავს ამ ცვლილებას მხოლოდ გასამხედროებულ დანაყოფებზე და მინისტრს ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას კონკურსის გარეშე დანიშვნის წესის გავრცელებისთვის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულზე. ეს ქმნის რისკს, რომ ნორმა გამოყენებული იქნება პოლიციის პოლიტიზებისთვის.
ცვლილებები ვითარდება სახელმწიფოს მიერ საპოლიციო ძალების ძალადობრივი გამოყენების ზრდის ფონზე. ბოლო დროის მოვლენებმა, მათ შორის მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასაშლელად პოლიციის მიერ გამოყენებულმა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკებმა, ახალ მწვერვალს მიაღწია.
საიას შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები შესაძლოა, ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის გამტარებელი კადრებით პოლიციის დაკომპლექტების გასაადვილებლად იყოს გამოყენებული.
ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები ისეთ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც პოლიცია, როგორც წესი, საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებს. ახალი რეგულაციები ითვალისწინებს:
- სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებისთვის ჯარიმის გაზრდას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე და მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას;
- ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმის 50 ლარიდან 1000 ლარამდე გაზრდას და განმეორებით დარღვევისთვის 2000 ლარს;
- შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმის ზრდას 500 ლარიდან 5000 ლარამდე და ორგანიზატორებისთვის 15,000 ლარის ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას;
- შსს-ის უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე 2000-ლარიან ჯარიმას და ატრიბუტიკის კონფისკაციას.
მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას ემატება ამავე კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა). აღსანიშნავია, რომ პოლიცია, როგორც წესი, სწორედ 173-ე მუხლს იყენებს დემონსტრანტების უსაფუძვლო დაკავებისას.
- ცვლილებები ასევე აფართოებს იმ საფუძვლებს, რომელთა გამო შესაძლებელია პირის დაკავება, ნივთების ან დოკუმენტების ჩამორთმევა.