სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების“ ორგანიზაციის (ОДКБ) ამჟამინდელი თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ ორგანიზაცია ყაზახეთში სამშვიდობოებს გაგზავნის. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ოთხშაბათს საღამოს დაწერა.
ფაშინიანის თქმით, გადაწყვეტილება ეფუძნება ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის თხოვნას. სომხეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამშვიდობოები ყაზახეთში წესრიგის აღდგენას შეუწყობენ ხელს.
„კოლექტიური უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კოლექტიური სამშვიდობო უზრუნველყოფის შესახებ. (ОДКБ) ძალები ყაზახეთში გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაემგზავრებიან ქვეყანაში გარემოს სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით“, – განაცხადა ფაშინიანმა.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება“ არის სამხედრო ალიანსი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.
ყაზახეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არეულობის დროს პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა.
მათივე ცნობით, შეტაკებების დროს 300-ზე მეტი სამართალდამცავი დაშავდა. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა და ყაზახეთის მთავრობა გადადგა.