ყაზახი გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული პატიმარი გარდაიცვალა | ასელ აიტპაევას საქმე

პუბლიკა

ყაზახეთის მოქალაქის, ასელ აიტპევას გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თოდუა გარდაიცვალა. მას აღკვეთის სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მისი ადვოკატი IPN-თან ამბობს, რომ ის დღეს გარდაიცვალა კლინიკაში, სადაც საპატიმროდან თავის არეში სისხლჩაქცევებით გადაიყვანეს.

ასელ აიტპაევას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ბესიკ თოდუა 6 მაისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

26 წლის ასელ აიტპაევას საქმეზე  ასევე დაკავებულია ყაზახეთის მოქალაქე მურატ მეირბეკოვი. ყაზახეთის პოლიციამ ბრალდებული საქართველოში გარდაცვლილი ყაზახეთის მოქალაქის, ასელ აიტპაევას ოჯახის წევრების განცხადების საფუძველზე დააკავა. მას გამოძიება ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც ტრეფიკინგს გულისხმობს.

მურად მეიდბეკოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით.

შსს-ს ცნობით, 2021 წლის 28-29 აპრილს რუსთავში მურატ მეირბეკოვმა ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, ასელ აიტპაევასთან ორჯერ დაამყარა არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდისთვის (გაუპატიურება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, ასელ აიტპაევას საქმის გამოძიება გრძელდება.