ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

პუბლიკა

მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი”, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი განცხადებით, „ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 80 000 აშშ დოლარი და 8 672 000 რუსული რუბლი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 464 595,2 ლარი შეადგინა”.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, ჯამში 46 518 ლარით (თანხის 10%- ის ოდენობა) დაჯარიმდნენ.