ყიფშიძე: ციხისა და ბადრაგის გარეშე უნდა მიეცეს მკურნალობის საშუალება

პუბლიკა

სახელმწიფოს მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის ჯგუფის წევრების შემდეგ, გორის ჰოსპიტლის შენობა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმაც დატოვა.

ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან განაცხადა, რომ სააკაშვილმა კვება დაიწყო, პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა ახლა ყველაზე საყურადღებო მისი ნევროლოგიური მდგომარეობაა. ყიფშიძე ამბობს, რომ სააკაშვილის რეაბილიტაციის პროცესი იქნება ხანგრძლივი.

„წნევის პრობლემები ჰქონდა მთელი დღის განმავლობაში. გარკვეული პრობლემები იყო დილით, ბადრაგმა არ მისცა ფანჯრის გახსნის უფლება. ესეც მოგვარდა. სტრესული სიტუაცია გრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება ნევროლოგიურ მდგომარეობას უნდა მივაქციოთ. სანდრო ცისკარიძემ უკვე მოგახსენათ ამის შესახებ და შემდეგ დღეებში შევხედავთ როგორ იქნება საქმე.

დღეს მე ნევროლოგიასთან დაკავშირებით პროგნოზს ვერ გავაკეთებ. კვება უკვე დაიწყო, ნორმალურად წავიდა პროცესი, თუმცა არავინ იცის რა მოხდება და როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს პრეზიდენტი. პრეზიდენტი მადლობას უხდის საავადმყოფოს. კომფორტულად გრძნობს თავს და მოსწონს თანამშრომლები.

მე მინდა აგიხსნათ ორი სიტყვით რას ვფიქრობ მე. ჩემი აზრით, ასეთი პაციენტის მკურნალობა ასეთ პირობებში – ეს იქნება გორის საავადმყოფო თუ ციხის საავადმყოფო, შეუძლებელია. მისი რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი უნდა იყოს. არ ვიცი რამდენი იქნება, ერთი თვე, ორი თუ სამი.

ჩემი გულწრფელი აზრია და მე რომ ვიყო გადაწყვეტილების მიმღები ასეთ ადამიანს თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობას მივცემდი. თავისუფალ რეჟიმში მკურნალობა ნიშნავს როცა არ მკურნალობ ციხეში და არც ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ. არის რაღაც გზები, იურისტებმა უფრო იციან ამის შესახებ. მე არც იურისტი ვარ და არც პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი. არასოდეს ვყოფილვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

ეს განცხადება, რასაც ვაკეთებ, პრეზიდენტთან არ შემითანხმებია, შეიძლება, გამიბრაზდეს კიდეც, მაგრამ გეტყვით, შეუძლებელია ასე გაგრძელება. კლინიკაში უნდა გააგრძელოს თავისუფლად მკურნალობა.

უნდა მისცე ადამიანს საშუალება, თავად გადაწყვიტოს, სად, ვისთან როგორ იმკურნალოს. ის პატიმარია, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს გადავადდეს. არ ვიცი ეს იურიდიული საკითხები.

ხომ შეიძლება, ადამიანი გაუშვათ, დიახ, ვითხოვ, რეაბილიტაციამდე პატიმრობის გადავადებას, რადგან ეს დღეს არ დამთავრდება არავითარ შემთხვევაში, თუ გინდათ, ჩამოვიყვანოთ ექიმები საზღვარგარეთიდან, ათი კონსილიუმი დავნიშნოთ, დამიჯერეთ, ასე იქნება.“ – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაფასებლად გორის ჰოსპიტალში კონსილიუმის წევრებიც იმყოფებოდნენ.

ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ კონსილიუმის ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია და უტარდება ადეკვატური თერაპია.