ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში აცხადებენ, რომ არასწორია გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ბიუროს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ყინული მოსთხოვა და მათ უარი უთხრეს. ამის შესახებ ექსპერტიზის ბიურო განცხადებას ავრცელებს.
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ამბობენ, რომ ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ამ დრომდე მიმდინარეობდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ამჟამად დასრულებულია.
„ექსპერტიზა ჩაატარა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა და ესწრებოდა ოჯახის მიერ წარდგენილი პირი. ამ მომენტისთვის ბიურო მზად არის ოჯახს გადასცეს გარდაცვლილის ცხედარი.
სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბიუროს გარდაცვლილის ახლობლებმა მოთხოვეს ყინული და მათ ბიუროს მხრიდან ეთქვათ უარი. ასეთი შინაარსის კომუნიკაცია ბიუროს ექსპერტებსა და ოჯახის წარმომადგენლებს შორის არ შემდგარა.
აქვე განვმარტავთ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს სპეციალური, შესაბამისი დანადგარები, რომელშიც ხდება გვამის განთავსება იმ დრომდე, ვიდრე ოჯახის წევრების მიერ არ მიიღება გადაწყვეტილება გარდაცვლილის გადასვენების შესახებ. აღნიშნული პროცედურა არაერთხელ განხორციელებულა ბიუროში. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა ბიურო მზად არის განათავსოს გარდაცვლილის ცხედარი სპეციალურ სირვცეში, ოჯახის მხრიდან გაადასვენების მზაობის გამოთქმამდე.
ბიურო არის საექსპერტო დაწესებულება და არც ამ და არც სხვა შემთხვევაში, საექსპერტო დაწესებულებას არ გამოუყენებია ყინული ან, სხვა რაიმე სახის ე.წ. სარიტუალო აღჭურვილობა. ბიურო მზად არის, იმოქმედოს ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად და მათ მიერ დასახელებულ ნებისმიერ დროს მოხდეს გვამის გადასვენება, “- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გუშინ 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, მანქანა, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, ტყეში იდგა სამანქანო გზიდან რამდენიმე მეტრში. ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მანქანა მწყემსმა იპოვა. მანამდე ბაჩალიაშვილი ოჯახის ახლობლებმა და მეზობლებმა აქცია გამართეს და ფონიჭალაში სამანქანო გზა გადაკეტეს. ისინი სამართალდამცავებს უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ.