ყირგიზეთში 4 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები საპროტესტო აქციების შემდეგ გააუქმეს

პუბლიკა

ყირგიზეთში 4 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ გააუქმეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC იუწყება.

გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, შეიჭრნენ პარლამენტის შენობაში, სადაც პოლიცისთან დაპირისპირებაც მოხდა. ორშაბათს აქციის 5 000-მდე მონაწილე შედეგების გაუქმებას მოითხოვდა. საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლდენი გაზიც გამოიყენა.

BBC ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ საპროტესტო აქციებზე დაშავდა ასობთი ადამიანი და დაიღუპა ერთი მოქალაქე.

ყირგიზეთის საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა განაცხადა, რომ გარკვეულმა ძალებმა ხელისუფლების უკანონოდ მიტაცება სცადეს. პრეზიდენტი ამბობდა, რომ მან „სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად“ ძალოვან უწყებებს უბრძანა, რომ ცეცხლი არ გაეხსნათ.

საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ კვირას ჩატარებულ არჩევნებში პარლამენტში მოხვედრის მსურველი 16 პოლიტიკური პარტიიდან, მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა ბარიერი. BBC-ის ცნობით, ოთხიდან სამს მჭიდრო კავშირი აქვს პრეზიდენტ ჟეენბეკოვთან.

BBC-ის ინფორმაციით, მომიტინგეები პარლამენტის შენობის გარდა, მთავრობის სხვა შენობებშიც შეიჭრნენ.