ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე რუსეთში საქართველოს მოქალაქეს დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა

პუბლიკა

რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის ცნობით, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე საქართველოს მოქალაქეს, ალექსანდრე ინასარიძეს დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. გამოცემა წერს, რომ მას ბრალად „ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმა“ ედება.

ამასთან, მათივე განცხადებით, იმავე საქმეზე დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსს, ვასილ მალიუკსაც. რაც შეეხება ინასარიძეს, მას ბრალდება წარდგენილი აქვს რუსული სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით (ტერორისტული აქტი); 222,1 მუხლით (ასაფეთქებელი ნივთიერებების ან ფეთქებადი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა); 226,1 მუხლით (ძლიერი, შხამიანი, ტოქსიკური, ფეთქებადი, რადიოაქტიური ნივთიერებების და სხვა იარაღის კონტრაბანდა).

საქმე ეხება 2022 წლის ოქტომბერში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას – მაშინ რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა და თქვა ისიც, რომ ორგანიზატორთა შორის 2 ქართველი იყო. რუსეთის ბრალდებებს გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს სპიკერი ანდრეი იუსოვი, რომელმაც განაცხადა, რომ FSB და საგამოძიებო კომისია ყალბია, და, შესაბამისად არ ღირდა კომენტარის გაკეთება.

დღეს ინფორმაციის შესახებ კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ დეპუტატს, მამუკა მდინარაძესაც, რომელმაც აღნიშნა, რომ არ ფლობდა ცნობებს, თუმცა მას შემდეგ რაც ჟურნალისტი რამდენჯერმე ჩაეკითხა, მას მიუთითა, რომ „საქართველოს დადანაშაულების მიზნით, პროვოკაციულ კითხვებს სვამდა”.

„არ იყო დამნაშავე? ასე ზუსტად არ ვიცი.. უდანაშაულო იყო და შეუფარდეს, თუ რა მოხდა?… შეიძლება, მართლა დამნაშავეა, არ ვიცი, სისხლის სამართლის მასალებს ვიცნობ თუ? პუტინის გამოძიება რას ჰქვია? სააკაშვილსაც ჰყავდა კანონიერად დაკავებული პატიმრები – პუტინსაც შეიძლება ჰყავდეს ვიღაც კანონიერად დაპატიმრებული და უკანონოდ დაპატიმრებული”, – განაცხადა მდინარაძემ.