ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ძალიან ბევრი სპეკულაციაა - დეგნანი

პუბლიკა

„ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ძალიან ბევრი სპეკულაციაა“, – აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

კელი დეგნანის თქმით, აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საბაჟოსთან, სასაზღვრო პოლიციასთან, სანაპირო დაცვასთან. ამასთან, აშშ ცდილობს, უზრუნველყოს შესაძლებლობებით და დარწმუნდეს, რომ ამ სამსახურებს აქვთ შესაბამისი სწავლება რუსეთის აგრესიის შესაკავებლად.

„არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ჰქონდეს ინფორმაცია ამ სატვირთოს შესახებ. ძალიან ბევრი სპეკულაციაა მთელი ინციდენტის შესახებ და იმის მტკიცების თაობაზე, რომ ამან მოახდინა უკრაინელების წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი თავდასხმების შეფერხება, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ რა მოხდა ამ სატვირთოსთან დაკავშირებით, არავის აქვს ინფორმაცია. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს საბაჟოსთან, სასაზღვრო პოლიციასთან, სანაპირო დაცვასთან. ამ სამსახურებთან უკვე ათწლეულებია, ვმუშაობთ, ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ისინი შესაძლებლობებით და დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ შესაბამისი სწავლება, აღჭურვილობა საქართველოს საზღვრების დასაცავად და იმისთვის, რომ შეაკაონ რუსეთის აგრესია და ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში 12 თანამზრახველია იდენტიფიცირებული, მათგან 2 – საქართველოს მოქალაქეა. უწყება ასევე აცხადებს, რომ „ტერაქტის უკან დგანან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველო, მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები“.