უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შაბათს ოკუპირებულ ყირიმში „მოღრუბლული ამინდი იყო, მაგრამ რაც არ უნდა ღრუბელი იყოს, უკრაინელებმა იციან რა უნდა გააკეთონ“.
„სამწუხაროდ, ყირიმში მოღრუბლული იყო, თუმცა მაინც თბილოდა. მაგრამ რაც არ უნდა ღრუბელი იყოს, მომავალი მზიანია. ეს არის მომავალი დამპყრობლების გარეშე ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის ყირიმში. ოკუპანტები თუ გაიქცევიან, ეს მათთვის საუკეთესო ვარიანტია, სანამ ამის შესაძლებლობა აქვთ“, – თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, თუ ოკუპანტები იძულებულები გახდებიან, რომ დარჩნენ, მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ უკრაინას ტყვედ ჩაბარდნენ.
დღეს გამთენიისას ყირიმის ხიდის ნაწილზე აფეთქება მოხდა, რის გამოც გზის ნაწილი წყალში ჩაიძირა. ინფორმაცია მალევე რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა დაადასტურა. მათი თქმით, ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის გამოც მატარებლის შვიდი საწვავის ავზი აალდა.
უკრაინის მხარეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ ხიდი უკრაინამ ააფეთქა, თუმცა ოფიციალური პირები აფეთქების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღეს ულოცავდნენ და აფეთქებული ხიდის ფოტოებს აქვეყნებდნენ.
ყირიმის ხიდი რუსული ანექსიის სიმბოლოდ მოიაზრება. ხიდის მშენებლობით, რუსეთს სურდა ეჩვენებინა, რომ მოსკოვი და ყირიმი სამუდამოდაა დაკავშირებული.