არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ თბილისში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, ახალი პარკის მოსაწყობად მიმდინარე სამუშაოების აღსაკვეთად სასამართლოს მიმართავს. ორგანიზაციის განცხადებით, საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლიდან ირკვევა, რომ ტერიტორიაზე სამუშაოები კანონდარღვევით მიმდინარეობს.
„კანონის მოთხოვნის საპირისპიროდ, ამ დრომდე არ არსებობს პარკის დეტალური პროექტი და მერიის არქიტექტურის სამსახურის თანხმობა მის შესახებ. საგულისხმო და სამწუხაროა ისიც, რომ პროექტის დაგეგმვისა და შესრულების ეტაპებზე მონაწილეობის მიღების საშუალება არ ეძლევათ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და იპოდრომით მოსარგებლე მოსახლეობას. უკანონო სამუშაოების აღსაკვეთად ზომების მიღების მოთხოვნით სოციალური სამართლიანობის ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
ორგანიზაციის განცხადების მიხედვით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ თბილისის მერიას ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის მშენებლობის დოკუმენტაციის გადმოცემის მოთხოვნით 2021 წლის 15 ივლისს მიმართა.
„როგორც მერიის პასუხებიდან და პირადად მერის განცხადებიდან ირკვევა, „ქართუ ფონდის“ მიერ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ესკიზური პროექტის საფუძველზე და ამ დრომდე არ არსებობს პარკის დეტალური პროექტი. არ არსებობს არც შეთანხმება მერიის არქიტექტურის სამსახურთან, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვალდებულია დაყოვნებლივ აღკვეთოს პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები, რადგან საქმიანობა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით, ექვემდებარება სკრინინგის პროცედურას, რაც არ განხორციელებულა. შესაბამისი მოთხოვნით სამინისტროს „მწვანე ალტერნატივამ“ 2020 წლის ოქტომებრში მიმართა, თუმცა სამუშაოების შეჩერება ამას არ მოჰყოლია.
„მოსახლეობამ რეაგირებისთვის მუნიციპალურ ინსპექციასა და მის ზემდგომ ორგანოს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს მერს მიმართა. თუმცა, მოსახლეობის მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა და სამშენებლო სამუშაოები კვლავ ყოველგვარი პროექტისა და ნებართვის გარეშე მიმდინარეობს. სათანადო პროექტისა და ნებართვის გარეშე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობისათვის სამუშაოების წარმოება ეწინააღმდეგება კანონს და ქალაქ თბილისის მერია ვალდებულია აღნიშული კანონდარღვევა აღკვეთოს“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
ორგანიზაცია საზოგადოებას შეახსენებს, რომ 2020 წლის 6 ოქტომბერს თბილისის მერმა საზოგადოებას აცნობა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 28 ჰექტარის ფართობზე, ცენტრალური პარკი მოწყობის თაობაზე, „მერიის მიერ გავრცელებული პარკის კონცეფციიდან ნათელია, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეიცვლება არსებული ტერიტორიის ფუნქციური დანიშნულება და ლანდშაფტი. საგანგაშოა ისიც, რომ ბუნებრივი მწვანე საფარის მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლოა შენობებით, ასფალტით, ბეტონითა და ავტოსადგომებით ჩანაცვლების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს“.
ორგანიზაციის განცხადებით, იპოდრომის ტერიტორია რამდენჯერმე გასხვისდა, მის ყველა მფლობელს აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობის ვალდებულება გააჩნდა, რომელიც არც ერთ ჯერზე არ შესრულებულა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრს“ მიაჩნია, რომ სამუშაოების დაწყებამდე საჭიროა შეიქმნას ღია, გამჭირვალე და ჩართულობითი ფორმატი იპოდრომის მომავალის შესათანხმებლად, კონკრეტული პროექტის განხორციელება კი მხოლოდ ამის შემდგომ უნდა განხორციელდეს. გარდა იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღების ასეთი ფორმის გამოყენებას მერიას ავალდებულებს კანონი, ხაზგასასმელია ისიც, რომ ტერიტორიის მრავალფეროვანი გამოყენებების, მისი ხელმისაწვდომობისა და მისი კულტურული თუ სოციალური დატვირთვის შენარჩუნების საუკეთესო გზა პროცესში მათი ჩართვაა, ვინც წლების მანძილზე ტერიტორიას იყენებდა და მასზე ზრუნავდა.
„ტერიტორიაზე ზრუნვის ისტორიისა და მისი სოციალური და კულტურული დანიშნულების გათვალისწინებით განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ახალი პარკის პროექტის დაგეგმვიდან დაინტერესებული პირები გამორიცხულნი აღმოჩნდნენ“, – წერია განცხადებაში.