პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ დამნაშავედ ცნო შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ე.წ „იაღლუჯას“ ბაზაზე ჯარისკაცებს დამამცირებელ გარემოებაში ყაზარმის ტერიტორიის გახეხვას აიძულებდა. სასჯელის სახით მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაადამიანურ მოპყრობასა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსმა გ.ბ.-მ ორ სამხედრო მოსამსახურეს მძიმე ჩაფხუტებით და ჯავშანჟილეტებით აღჭურვილ მდგომარეობაში და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით აიძულა ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა.
გარდა ამისა, 2020 წელს, სხვადასხვა პერიოდში, იმავე ბრალდებულმა, ორ სამხედრო მოსამსახურეს პირადი ღირსების შეურაცხყოფით სხვა სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით აიძულა ყაზარმის ტერიტორიის გახეხვა“, – აცხადებს უცყება,
პროკურატურის ცნობით, სასამართლომ გ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის მე-2 და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ორ-ეპიზოდიანი დანაშაულის ჩადენისათვის სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
უწყების ინფორმაციით, ამავე საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი მაღალჩინოსანი 2021 წლის 13 დეკემბერს, ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
„საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიებულ ე.წ. ჯარისკაცების საქმეზე შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნისთანავე, მყისიერად მოახდინა სამართლებრივი რეაგირება და ორივე ბრალდებულის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, რის შემდეგაც, პროკურატურის შუამდგომლობით ორივე მათგანს პატიმრობა შეეფარდა და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 5 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ“, – ამბობს პროკურატურა.
უწყების ინფორმაციით, მათ სამართლებრივი რეაგირება ჰქონდათ აწ უკვე მსჯავრდებულების უშუალო უფროსის, შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილის მ.ბ.-ის მიმართაც, თუმცა “მისი გარდაცვალების გამო სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაიწყო”.
„სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აგრძელებს. გამოძიების ფარგლებში ნებისმიერი საჯარო მოხელის ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს და სისხლისსამართლებრივ დევნას დაიწყებს“, – ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.