ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული ი.დ. გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის განცხადებით, 2019 წლის 11 ოქტომბერს, ქ.ხაშურში ი.დ. ყოფილ მეუღლესთან სამსახურში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღით და სამი ხელყუმბარით მივიდა და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაამტვრია ფანჯრის მინა და ყოფილ მეუღლეს ხუთჯერ ესროლა.
„ვინაიდან ი.დ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა, ყოფილი მეუღლის მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა, რომელიც არ აფეთქდა. ნ.გ.-მ სიცოცხლის გადარჩენის მიზნით იქვე მდებარე სუპერმარკეტში შეაფარა თავი, სადაც ი.დ. შეჰყვა და განსაკუთრებული სისასტიკით, თავისა და სხეულის არეში ცეცხლსასროლი იარაღი რამდენჯერმე ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ოცზე მეტი დაზიანების შედეგადაც ნ.გ. საავადმყოფოში გარდაიცვალა“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ი.დ. 2019 წლის 12 ოქტომბერს ქ. ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.