ყოფილი კორტების ტერიტორია სპორტული კომპლექსის განვითარების პირობით გაიყიდება - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის  თქმით, დღეიდან დედაქალაქის მთავრობა დაიწყებს მუშაობას პრივატიზების საკითხზე. მან დავალება მისცა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ თბილისში მოიძიონ ახალი საპრივატიზაციო ობიექტები, რომელთა რეალიზაციითაც ქალაქი შემოსავალს მიიღებს.

„რადგან ჩვენ პრივატიზაციაზე ვსაუბრობთ, აქვე მინდა მოგაწოდოთ ერთი სიახლე. ჩვენ ამასთან დაკავშირებით პანდემიამდეც გვისაუბრია. საქმე ეხება იპოდრომის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე, ყოფილი კორტების ტერიტორიას. თქვენ იცით ამ კორტების ისტორია. წინა ხელისუფლების დროს ეს ტერიტორია იყო გასხვისებული იმ მიზნით, რომ აშენებულიყო საცხოვრებელი და სასტუმრო შენობა-ნაგებობები.  ჩვენ,  რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა იმისთვის, რომ დაგვებრუნებინა ფართი, გვქონდა ხანგრძლივი მოლაპარაკება ინვესტორთან და გავაკეთეთ ადგილმონაცვლეობა. დღეს ეს კორტების ტერიტორია არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში“, – თქვა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ყოფილი კორტების ტერიტორია საპრივატიზაციოდ გადის, მაგრამ ეს იქნება პირობიანი პრივატიზება და მფლობელი ვალდებული იქნება, რომ განავითაროს სპორტული კომპლექსი.

„აღნიშნული ქონება საპრივატიზაციოდ გაგვაქვს სპორტული კომპლექსის განვითარება-აღდგენის პირობით, ანუ პირობიანი პრივატიზაცია იქნება. ტერიტორიაზე უნდა აღდგეს ჩოგბურთის კორტები, ეს სავალდებულო იქნება. ასევე სავალდებულო იქნება, რომ მოეწყოს საცურაო აუზი და ფიტნესკლუბი. ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის მიერ და უახლოეს მომავალში წარდგენილი იქნება ბიზნეს-სექტორისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.