ყოფილი მაღალჩინოსნის დედის კომპანიამ 2013 წლიდან დღემდე ბიუჯეტიდან 105 მლნ ლარზე მეტი მიიღო

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის – გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე, 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

TI-ის მოკვლევის მიხედვით, ყოფილი მაღალჩინოსნის დედის კომპანიას  შპს „საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს“ დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში

გიორგი ზედელაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებში, მათ შორის, მაღალ თანამდებობებზე, 1994 წლიდან მუშაობდა, ხოლო  „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ/სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტის) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 2017 წლის ბოლომდე გიორგი ზედელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

„გიორგი ზედელაშვილის სახელი კახეთში მიმდინარე არაერთ პროცესს უკავშირდება. მისი აქტიურობა განსაკუთრებით იკვეთება ყვარელში, თელავში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ზედელაშვილი მიიჩნევენ ირაკლი ღარიბაშვილის  გარემოცვის წევრად“, – ამბობენ ორგანიზაციაში. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, კომპანია „სერპანტინმა“ 2013-2019 წლებში მონაწილეობა მიიღო 171 ტენდერში, საიდანაც მოიგო 102. მოგებული ტენდერებიდან 43 შემთხვევაში მას კონკურენტი არ ჰყოლია. უკონკურენტოდ მოგებული ტენდერების ჯამურმა ღირებულებამ  31 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

2012 წლის არჩევნების შემდეგ, 2013 წელს შპს „სერპანტინის“ ბრუნვები 700%-ით  გაიზარდა.