ყოფილი მეუღლისა და სიმამრის მკვლელობის, ასევე, ოჯახის სხვა წევრების მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად ედება ყოფილი მეუღლისა და სიმამრის მკვლელობა, ასევე, სიდედრისა და ყოფილი ცოლის ძმის მკვლელობის მცდელობა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ღამით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე – 1994 წელს დაბადებული გ.პ. და მამამისი – 1969 წელს დაბადებული ი.პ. მათსავე საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო იქვე მყოფი გ.პ.-ის დედის – 1974 წელს დაბადებულ ს.ა. -ს და ყოფილი მეუღლის ძმის – 1996 წელს დაბადებული ა.პ. – ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკვლას შეეცადა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ს.ა. და ა.პ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაეწიათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – წერს შსს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.