ყოფილმა მსჯავრდებულმა, ალექსანდრე სელებანოვმა „TV პირველის“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ ქართულ ციხეში არსებულ კრიმინალურ სუბკულტურაზე ისაუბრა.
სელებანოვი, რომელიც სასჯელს 2013-2019 წლებში ავტოსაგზაო შემთხვევისთვის იხდიდა, ამბობს, რომ პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაცია კრიმინალურ სუბკულტურას ახალისებს და მათთან თანამშრომლობს.
„ეს არის სისტემური პრობლემა. ქსნის დაწესებულებაში, რომელშიც სამი ათასამდე მსაჯვრდებულია, რუსთავის N17 დაწესებულებასა და გეგუთის დაწესებულებაში, ყველგან არის მაყურებელთა ინსტიტუტი. ყველგან არის დაყოფა ჯგუფებად, მაგათ პატარა სახელმწიფო აქვთ შექმნილი და გაგიკვირდებათ, მარა ქუთაისის დახურულ დაწესებულებაშიც კი არის „მაყურებელთა“ ინსტიტუტი“, – ჰყვება ალექსანდრე სელებანოვი.
ყოფილის მსჯავრდებულის თქმით, კრიმინალური სუბკულტურა პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით მიმართავს პატიმრებზე ზეწოლას და ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც კი.
„მე მქონდა, მაგალითად, გაგზავნილი საჩივარი პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტში. იმის გამო, რომ მე წამიყვანეს თვალის ოპერაციაზე და შემთხვევით გამიკეთეს ცხვირის ოპერაცია. არასწორი დოკუმენტები მიაწოდა დაწესებულებამ და გავგზავნე საჩივარი. საჩივარზე პასუხის ნაცვლად ჩემთან საკანში მოვიდა ე.წ. ბალნიჩკის მაყურებელი, რომელმაც დამახევინა განცხადება და მითხრა, რომ ყველაფერს თავად მოაგვარებდა“, – იხსენებს სელებანოვი.
ალექსანდრე სელებანოვი ჰყვება, რომ მსგავს ვითარებაში იყვნენ სხვებიც. მაგალითად, ერთ-ერთი პატიმარი სასჯელის მიწურულს სასწავლო მიზნით კომპიუტერის შეტანას ითხოვდა, თუმცა დაწესებულების ე. წ. მაყურებლებმა მსჯავრდებული დააშინეს და უარი ათქმევინეს.
„დაწესებულებაში გროვდება ე.წ. სატასაოები, როდესაც პატიმრები იძულებულნი არიან, ყოველთვიურად გადაიხადონ, სიგარეტის სახით (ადრე იხდიდნენ სატელეფონო ბარათებითაც), ერთგვარი „გადასახადები“.
ეს, წესით, სხვა პატიმრებს უნდა მოხმარდეს, მაგრამ მისი დიდი ნაწილი იქვე გროვდება და პატარა საგადასახადო სისტემას წარმოადგენს. ასევე ხდება, რომ მაღაზიაში უცბად წყდება სიგარეტი და გიწევს „მაყურებელთან“ მის საყიდლად მისვლა და შენი ოჯახის წევრები მის ტოტალიზატორის პირად ანგარიშზე რიცხავენ თანხას.
ამის შესახებ იცის ციხის ადმინისტრაციამ. ეს არის ე.წ. გათეთრება და თვითონაც იმავეს უწოდებენ – „გათეთრებას“. ასეთი ფაქტები არის ჩვეულებრივი. როცა ადმინისტრაციას რომელიმე მსჯავრდებულზე სურს ზეწოლის მოხდენა, თანამშრომლების ნაცვლად იყენებს კრიმინალურ სეგმენტს“, – ჰყვება ყოფილი მსჯავრდებული.
სელებანოვის თქმით, ამ ე.წ. მაყურებლებს აქვთ სრული თავისუფლება – პატიმრებისგან აგროვებენ დიდ თანხას, მათ შორის, აზარტული თამაშების წარმართვით. სახელმწიფო სტრუქტურები კი ხელს უწყობენ კანონიერი ქურდების ინსტიტუტის განვითარებას.
სელებანოვის აზრით, ეს სისტემა მუშაობდა ადრეც, წინა ხელისუფლების დროს, თუმცა იყო უფრო სუსტი და მართვადი. სელებანოვი ციხეში დღეს არსებულ ვითარებაში სახელმწიფოს ადანაშაულებს. მისი თქმით, თითქმის ყოველი მეორე პატიმრის უფლებები სისტემატურად ილახება. სახალხო დამცველის ანგარიშში არ ყოფილა მცდარი ან გაზვიდებული ფაქტები და თეა წულუკიანი ამის გამო გაღიზიანდა.
21 იანვარს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სახალხო დამცველის ანგარიშის პასუხად განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალურ სუბკულტურას გავლენა არ აქვს.
„თუ რომელიმე პატიმარი დააპირებს, გააკონტროლოს სხვა პატიმრის ქცევა ან გაბედავს და იტყვის, რომ ფული უნდა შეგროვდეს, ასეთ დროს ჩვენი თანამშრომლების მხრიდან ხდება მოცემული პატიმრის მხრიდან რისკის გადაფასება და ხდება მათი დასჯა ან დახურულ დაწესებულებაში გადაყვანა“, – თქვა წულუკიანმა.
სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში კი საუბარია, რომ პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა, რაც ხშირად განაპირობებს პატიმრებს შორის ძალადობასა და ჩაგვრას.
„კრიმინალური სუბკულტურის გავლენით ხდება პატიმრების არაფორმალური დაყოფა. შედეგად, პატიმართა გარკვეული ნაწილი, რომელიც იმყოფება პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რეპრესიული მეთოდებით მიმართავს არაფორმალურ მმართველობას, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს პატიმართა შორის ძალადობას და გამოიხატება სადამსჯელო ღონისძიებებში იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილებიან არაფორმალური მმართველობის წესებს.
N2 დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები 30-23 საათის განმავლობაში იმყოფებიან საკანში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მიიღო ინფორმაცია, რომ კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლები თავისუფლად გადაადგილდებიან დაწესებულების ტერიტორიაზე, აკონტროლებენ პატიმრებს, აგროვებენ ე.წ. „საერთოს“, შედიან საკნებში და ურჩ პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებიან; ვინც არ დაემორჩილება მათ მოთხოვნებს, სოციუმიდან რიყავენ და გადაჰყავთ სხვა კორპუსში; პატიმრებს ართმევენ ოჯახის მიერ გამოგზავნილ ტანსაცმელს“, – ნათქვამია ანგარიშში.