ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი აღდგება და თანამედროვე სტანდარტებს მოერგება – ტიკარაძე

პუბლიკა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის განცხადებით, „სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში“  შემავალი სამედიცინო დაწესებულებების განვითარების პირველი ეტაპი იწყება.

მისი თქმით, საწყის ეტაპზე „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი) სრული რეაბილიტაცია-აღჭურვა განხორციელდება. სრულად აღდგება ცენტრი და თანამედროვე სტანდარტებზე მოერგება. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„ონკოლოგიური საავადმყოფო არის სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტი საქართველოს ჯანდაცვაში და მისი სათანადო დონეზე პოზიციონირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სრულად უზრუნველვყოფილი იქნება ამ დროისთვის ცენტრში მყოფი პაციენტების მკურნალობა და დისპოზიცია სხვადასხვა სტაციონარულ დაწესებულებაში, სადაც ისინი გააგრძელებენ მკურნალობას.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელფასო დავალიანება მიმდინარე 2 თვის განმავლობაში ანაზღაურდება.

„რაც შეეხება საავადმყოფოს მედპერსონალს, მოგეხსენებათ, მათ მიმართ არსებობს სახელფასო დავალიანება. სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას სახელფასო დავალიანების სრულ დაფარვასთან დაკავშირებით. მიმდინარე 2 თვის განმავლობაში დავალიანება სრულად ანაზღაურდება“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.