ყოფილი პოლიციელი ბრალს აღიარებს და საპროცესოს მოლოდინშია

პუბლიკა

ყოფილი პოლიციელი, ირაკლი მუხადგვერდელი ბრალს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების მოლოდინშია, – ამის შესახებ „პუბლიკისთვის” ცნობილი დღეს გამართულ პროცესზე გახდა.

ირაკლი მუხადგვერდელი აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინას საქმეში ფიგურირებს, ზინოვკინა მას ნარკოტიკების ჩადებაში თანამონაწილეობასა და გაუპატიურების მუქარაში სდებს ბრალს.

მუხადგვერდელს გამოძიება ედავება, რომ 24 მაისს, თბილისში, გადაადგილდებოდა ავტომანქანით, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან საპირისპირო ზოლის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.

მას ბრალი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ითვალისწინებს ხულიგნობას – ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ასევე ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.

პროკურატურის ინფორმაციით, ის 25 მაისს დააკავეს და თავდაპირველად მას აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა უწყების ცნობითვე, 1 თვეში – 30 ივნისს მან საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ დატოვა. პროკურატურაში ამბობენ, რომ დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა.

მისთვის წარდგენილი მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღევანდელ პროცესზე აღინიშნა ისიც, რომ მას საპროცესოს გაფორმება არასაპატიმრო სასჯელზე სურს.

18 აგვისტოს ირაკლი მუხადგვერდელის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მუხათგვერდელი აღნიშნული ფაქტის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის და რომ ის შსს-ში აღარ მუშაობს.


„მემუქრებოდა გაუპატიურებით, ხელს იკიდებდა შარვლის ელვა შესაკრავზე” – 14 აგვისტოს პროცესზე ანასტასია ზინოვკინა მოწმის სახით დაიკითხა. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა დაკავების გარემოებებზე, ასევე მის მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროვებაზე.