საწვავის ფასთან დაკავშირებით მიმდინარე ბოიკოტის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, პროტესტის ნიშნად ყოველ ოთხშაბათს გააჩერონ ავტომანქანები და ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მათივე თქმით, ეს იქნება პროტესტის ერთ-ერთი ფორმა.
„ძალიან ბევრი ადამიანის აქტიურობიდან გამომდინარე, ორგანიზატორები შევჯერდით ერთ კონკრეტულ დღეზე, როდესაც ჩვენ ყველა პირად მანქანას გავაჩერებთ და გადავაადგილდებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ეს იქნება ერთ-ერთი სახე პროტესტისა.
ეს დღეა ყოველი კვირის ოთხშაბათი (24 ნოემბრიდან) ყოველ ოთხშაბათს. ეს შეზღუდვა არ შეეხება ტაქსებს და კურიერებს, რათა იყოს საშუალება, გადაადგილდნენ ადამიანები ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე თუ მიიღონ მათთვის სასურველი პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად”, – ნათქვამია განცხადებაში.
„უარი საწვავის ფასებს“ – მოქალაქეების ბოიკოტი ბენზინგასამართი სადგურების მიმართ გრძელდება. პროტესტი სოციალურ ქსელში ნოემბრიდან დაიწყო. მოქალაქეების ნაწილი საწვავის მაღალი ტარიფის გამო, ბოიკოტს უცხადებს კომპანია „ვისოლსა“ და სხვა ბრენდირებულ სადგურებს.