ყოველდღე ათასობით მანქანა გადადის ლარსზე, მაშინ დავკეტოთ ესეც?! - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დადებითად შეაფასა რუსეთთან პირდაპირი ფრენის დაწყება. ღარიბაშვილმა გამიჯნა ეკონომიკა პოლიტიკისგან და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობის ნაწილია.

„ჩვენ ვთქვით, რომ ფრენები არის შემადგენელი ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობების. ამას არავითარი შემხებლობა არ აქვს არც პოლიტიკასთან, არც საერთოდ არაფერთან. ვთქვით, რომ ჩვენს 1 მილიონ დიასპორას და მათ ნათესავებს, ოჯახებს სჭირდებათ თავისუფალი გადაადგილება. უვიზო რეჟიმი მოლდოვას დღეს აქვს, უკრაინას, მგონი, აქვს დღესაც უვიზო რეჟიმი, ყოველ შემთხვევაში, ჰქონდა ომამდე, თუ არ ვცდები.

ამიტომ აქ არაფერი არ არის განსაკუთრებული, პირიქით, ყველაფერი, რაც გაუიოლებს ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს დიასპორას მოძრაობას, გადაადგილებას, ბიზნესს, რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი.

კიდევ ერთი მინდა ვთქვა – ყოველდღე ათასობით მანქანა გადადის და კვეთს საზღვარს ლარსის გამშვებ პუნქტზე. მათ შორის, სამგზავრო, მათ შორის სატვირთო. რა განსხვავებაა, ვერ გავიგე?! მაშინ დავკეტოთ ესეც?! მეორე ეტაპი იქნება, დაკეტეთ მაშინ საზღვრები, გააჩერეთ ვაჭრობა.

ჩვენ ყოველწლიურად ასეული მილიონ დოლარს ვიღებთ გადმორიცხვებით ჩვენი დიასპორიდან. მილიარდებზეა საუბარი. რუსეთში მცხოვრები ჩვენი დიასპორიდან ასეულობით მილიონი დოლარი შემოდის, ინახავენ ოჯახის წევრებს, ავითარებენ ბიზნესს, ნათესავებს – რატომ უნდა ჩავკეტოთ ეს? რა ხდება? რატომ? ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ პირიქით, დავეხმაროთ ჩვენს ხალხს ყველგან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის ბრალი იყო, რომ 2019 წელს რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენა შეწყვიტა. პრემიერმა ასევე გააკრიტიკა დასავლეთი და თქვა, რომ მაშინ დასავლეთი რუსეთის ხელისუფლებას ფრენის შეწყვეტის გამო აკრიტიკებდა, არადა 2019 წლის შემდეგ არაფერი შეცვლილა, უკრაინაში ომის გარდა.