„ბორჯომის“ ქარხნის მუშები დღეს, დილიდან გაიფიცნენ. დასაქმებულების ინფორმაციით, ორი ქარხნიდან გაფიცულია დაახლოებით 350-მდე მუშა.
გაფიცვის გადაწყვეტილებამდე კომპანიას, დასაქმებულებსა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირებს შორის 21-დღიანი მედიაციის პროცესი მოლაპარაკების გარეშე დამთავრდა.
დასაქმებულები ღირსეული შრომის პირობებს მოითხოვენ. მათი ძირითადი მოთხოვნებია: ხელფასის გაზრდა, დასვენებისა და შესვენების უფლება და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვა. გაფიცვის ორგანიზატორი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირია.
გაფიცვის მიზეზებზე დასაქმებულებმა „ფორმულას“ ეთერში ისაუბრეს:
„9 ქალი შეამცირეს და დამატებითზე ვმუშაობთ ჩვენ და ვითხოვთ, რომ ის ქალები დაამატონ. 17 ლარი მაქვს დღიური შეფასება. ყოველდღე ვმუშაობთ. კვირა ჩვენთვის არ არის. არ გვაქვს ხელფასი ნორმალური. გვეუბნებოდნენ, რომ მოვგვარდებით, მაგრამ გუშინ მოვიდა ინფორმაცია, რომ არ ვართ მოგვარებულები და გამოვედით გაფიცვაზე“.
„ხელფასები სულ გვაკლდება. სულ შეცდომებია. ჩვენ პირველი ქარხნიდან 300 კაცი ვართ (გაფიცული) მეორე ქარხნიდან 50 კაცამდე მოგროვდება“.
პროფკავშირების წარმომადგენლის, გიორგი დიასამიძის თქმით, დასაქმებულებს კომპანიის წარმომადგენლები ურეკავენ და ემუქრებიან, რომ თუკი სამუშაოზე არ დაბრუნდებიან, სამსახურს დაკარგავენ. მისივე თქმით, გაფიცვა მანამდე გაგრძელდება, სანამ დასაქმებულებისთვის ხელფასები და შრომითი პირობები არ გაუმჯობესდება.
ჯერჯერობით, გაფიცვის შემდგომ, კომპანიის წარმომადგენლებსა და დასაქმებულებს შორის შეხვედრა არ გამართულა. გაფიცული მუშები ქარხანასთან არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ აქცია დღის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.